ფეხბურთი

16:18 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩვენთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია" - ლევან კობიაშვილი ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე საუბრობს
"ასეთი ატმოსფერო არსად მინახავს, გული ძალიან დაგვწყდა, თასის მოგება შეგვეძლო"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სევილიურ გამოცემა sevilla.abc.es-ს ესაუბრა. დიალოგს ორი ძირითადი თემა ჰქონდა: ევროპა ლიგის 2021 წლის მასპინძელი ქალაქი და 2006 წლის უეფას თასის ნახევარფინალი, „სევილია“ – „შალკეს“ დაპირისპირება.

29 მაისს, უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და ცნობილი გახდება სად გაიმართება ევროპა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის ფინალური მატჩი. ორი კანდიდატია: სევილიის „რამონ სანჩეს პისხუანი“ და თბილისის „დინამო არენა“. კობიაშვილმა ადგილობრვ გამოცემასთან სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა:

„ამ მომენტისთვის ორივე ქალაქს თანაბარი შანსი აქვს, რომ მასპინძლობის უფლება მოიპოვოს. თუმცა, ჩვენთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი და სტიმულის მომტანი იქნება. ასეთი ტურნისი ორგანიზება ჩვენი ფეხბურთისთვის დიდი მოტივაცია იქნება, რადგან ხშირად არ გვეძლევა მსგავსი დონის მატჩების მასპინძლობის საშუალება. ესპანეთში კი განსხვავებული სიტუაციაა, ასეთ შეხვედრებს რეგულარად მასპინძლობთ, მაგალითად წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში ჩატარდება“, - აღნიშნა ლევანმა.

მოგეხსენებათ, „დინამო არენამ“ 2015 წლის აგვისტოში ევროპის სუპერთასს უმასპინძლა და საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა. სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფერო სუფევდა და ევროპის სუპერთასების ისტორიაში მაყურებელთა დასწრების რეკორდიც ჩვენს დედაქალაქში დაფიქსირდა. თამაშიც მაგარი გამოვიდა, „ბარსელონამ“ „სევილიას“ დამატებით დროში 5:4 მოუგო. თბილისისა და სევილიას გზები გარკვეულწილად ახლაც გადაიკვეთა. კობიაშვილმა კი 4 წლის წინანდელი მატჩი გაიხსენა და აღნიშნა, რომ თბილისი მზადაა ევროპა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის:

„ჩვენს სტადიონს დიდი ისტორია აქვს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დონის თამაშის მასპინძლობის გამოცდილება გვაქვს, 2015 წელს ევროპის სუპერთასს ვუმასპინძლეთ, სტადიონი ამ მატჩისთვის გარემონტდა, ტრიბუნები გაივსო, კარგი გარემო იყო. ახლაც, ქალაქი, ხალხი და სტადიონიც მზადაა დააკმაყოფილოს უეფას მოთხოვნები მსგავსი კალიბრის მატჩის მასპინძლობისთვის“, - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა.

ბოლოსკენ, ლევანს 2006 წელს, უეფას თასის ნახევარფინალი გაახსენეს. მაშინ გელზენკირხენის „შალკე“ „სევილიას“ დაუპირისპირდა. გერმანიაში გოლი არ გასულა და საპასუხო მატჩი „სანჩეს პისხუანზე“ შედგა. იქაც უგოლო ფრე დაფიქსირდა 90 წუთის შემდეგ და დამატებითი დრო დაინიშნა. დრამატული დაპირისპირების ბედი ანტონიო პუერტამ გადაწყვიტა. ესპანელი ფეხბურთელი მოედანზე 77-ე წუთზე ადრიანოს ნაცვლად გამოჩნდა და მე-100 წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

პუერტა ერთი წლის შემდეგ, გულის შეტევით გარდაიცვალა „ხეტაფესთან“ დაპირისპირების დროს. კობიაშვილს კარგად ახსოვს ის თამაშიც და აწ გარდაცვლილი ესპანელის გოლიც:

„ასეთი რამ მანამდე არ მინახავს. „სევილიას“ ფანებმა იმ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშეს. მსგავსი ატმოსფერო არსად მქონდა ნანახი, 120 წუთის განმავლობაში საოცარი გარემო იყო. ჩვენ რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები დავრჩით, რადგან ტიტულის მოგების ძალიან კარგი შანსი გვქონდა. ვფიქრობ, ნაადრევი ფინალი სწორედ „სევილია“ – „შალკე“ იყო. ყველა ამბობდა, რომ ნახევარფინალში ჩვენ და „სევილია“ ვიყავით ფავორიტები. როდესაც სტადიონი დავტოვეთ, ავტობუსში ყოფნის დრო სევილიელმა ფანებმა ტაშით გაგვაცილეს, ეს შთამბეჭდავი გახლდათ. მეტოქისგან ასეთი პატივისცემა ჩემი კარიერის განმავლობაში არ მინახავს. ახლაც მახსოვს ანტონიო პუერტას გოლი. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მივუსამძიმრო მის ოჯახს, „სევილიას“, ძალიან ვწუხვარ. ის მეხისერებაში ყოველთვის ცოცხალი იქნება“, - დასძინა კობიაშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ მაშინ, უეფას თასი „სევილიამ“ მოიგო და ფინალში „მიდლსბრო“ 4:0 გაანადგურა. კობიაშვილი კი, იმ პერიოდის „შალკეს“ შეუცვლელი ფიგურა და ერთ-ერთი ლიდერი იყო.

რაც შეეხება ევროპა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის მასპინძელს, როგორც უკვე გითხარით, უეფა გადაწყვეტილებას 29 მაისს მიიღებს.

0.067251