„ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი მიიჩნევს, რომ „მანჩესტერ სიტი“ ფავორიტია, მაგრამ პრემიერლიგის მოგების შანსი მის გუნდსაც გააჩნია. ჰოლანდიელის განცხადებით, „ლივერპული“ მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა კონცენტრირდეს და შემდეგ იფიქროს იმაზე, რა მოხდება პარალელურ შეხვედრაში.
„პრემიერლიგის მოგების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ. იმის გამო, რასაც „მანჩესტერ სიტი“ მიმდინარე სეზონში აჩვენებს, ყველა მის გამარჯვებას ელოდება, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ერთადერთი რაზეც უნდა ვიფიქროთ, „ვულვზთან“ თამაში და მისი დამარცხებაა, რაც რთული იქნება, რადგან „მგლები“ წელს ყველა გუნდს ურთულებენ ცხოვრებას.
ყველა ამბობს, რომ „ბრაიტონმა“ „სიტის“ პრობლემა უნდა შეუქმნას, მაგრამ ჯერ ჩვენ ჩვენს თამაშზე უნდა ვიფიქროთ და შემდეგ დაველოდებით ბრაიტონიდან კარგ ცნობებს.
მიმდინარე სეზონში არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ არასდროს ვნებდებით. გამარჯვების ჯერ კიდევ გვჯერა და ზოგჯერ იღბალიც საჭიროა. ეს კვირა ჩემპიონთა ლიგის წყალობით დიდებული იყო და ვნახოთ, რა მოხდება კვირას“, - თქვა ვან დეიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ „სიტის“ ბოლო ტურის წინ 1 ქულით ჩამორჩება. იურგენ კლოპის გუნდი „ვულვზს“ უმასპინძლებს, ხოლო მისი კონკურენტი პარალელურად „ბრაიტონს“ ესტუმრება.