ფეხბურთი

20:20 | 10.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

თელასი ფუტსალის ლიგის ფინალშია!

ფუტსალის ლიგის 2018/19 წ.წ. სეზონის პირველი ფინალისტი მინიმალურ დროში გამოვლინდა. თელასმა ქუთაისის მართვე მესამე ნახევარფინალურ შეხვედრაშიც დაამარცხა და დასკვნით ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

„ენერგეტიკოსები“ პირველივე ტაიმში სამი ბურთით დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში კი უპირატესობა შვიდამდე გაზარდეს. „ქუთათურებმა“ მხოლოდ ორი ბურთის გაქვითვა შეძლეს და მატჩი საბოლოოდ ანგარიშით 7:2 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ორ-ორი გოლით შოთა თოფურია და ნუკრი ჭუმბურიძე გამოირჩნენ. შეგახსენებთ, რომ თელასმა გასულ ორ შეხვედრაში 5:0 და 5:3 იმარჯვა.

თელასი ახლა თავის ფინალურ მეტოქეს ელოდება, რომელიც TMC თბილისი თსუ-ს წყვილში გამოვლინდება - მათ ურთიერთშეხვედრებში ანგარიში ჯერ-ჯერობით თანაბარია (1:1).

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ავთანდილ ასათიანი, თელასის მთავარი მწვრთნელი: „პირველ რიგში, ჩემს გუნდს ვულოცავ ფინალში გასვლას. მართვეს დაეტყო, რომ მოტივაცია დაკარგული ჰქონდა. რთულია ორი წაგებული ნახევარფინალის შემდეგ ბრძოლა. დასკვნით ეტაპზე არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ჩვენი მეტოქე - ყველა შემთხვევაში ძლიერი მოწინააღმდეგე გვეყოლება და შანსები თანაბრად გვექნება. ვფიქრობ, კარგია, რომ დავალება სამ თამაშში შევასრულეთ, ეს დაგვეხმარება ძალების დაზოგვაში. ფიზიკურ კონდიციებს აღვიდგენთ და ფინალისთვის უკეთ მოვემზადებით.“

ფუტსალის ლიგის მესამე ნახევარფინალის მეორე შეხვედრაში TMC თბილისი თსუ-ს დაუპირისპირდება და რომელიმე მათგანი ფინალისთვის ბრძოლაში დაწინაურდება.

0.116989