ფეხბურთი

2:45 | 9.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

საოცრება და ორგვარი ცრემლი (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი სამუდამოდ დარჩება საფეხბურთო ისტორიაში. რა თქმა უნდა, გამორჩეული და უნიკალური კუთხით. პლეი-ოფში საოცარი მატჩები ვიხილეთ და ბოლო ნახევარფინალი ყველაფრის გვირგვინი გამოდგა.

ადამიანურად, „აიაქსი“ ძალიან შეგვეცოდა და შეგვეცოდებოდა ნებისმიერი გუნდი მის ადგილზე. მითუმეტეს, ასეთი ლაღი და ლამაზი ფეხბურთის მიმდევარი გუნდი. უბრალოდ, საფეხბურთო ფორტუნამ ასე ინება და ფინალში ლონდონის „ტოტენჰემი“ გავიდა. არადა, ერთი კვირის წინ ლონდონში ჰოლანდიელებმა მოიგეს და ფინალისთვის კარგი პლაცდარმიც შეიქმნეს.

„იოჰან კრუიფ არენაზე“ საერთოდაც გადასარევად დაიწყეს ყველაფერი და ვინძლო ფინალში გასვლა მეტისმეტად ნაადრევად ირწმუნეს. მეხუთე წუთზე მატის დე ლიხტმა გახსნა ანგარიში და „აიაქსი“ აქაც დაწინაურდა. დე ლიხტი რიგით მეოთხე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა (19 წლისა 269 დღის) ვინც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გოლი გაიტანა. მასზე უფრო ახალგაზრდებმა თავის გამოჩენა კილიან მბაპემ (2017 წელს, 18 წლისა 140 დღის), ობაფემი მარტინსმა (2003 წელს, 18 წლისა 197 დღის) და ნორდინ ვუტერმა (1996 წელს, 19 წლისა 237 დღის) მოახერხეს. ტაიმის ბოლოს ერიკ ტენ ჰაგის გუდმა თითქოს ყველაფერს წერტილი დაუსვა, ჰაკიმ ზიეჩის გოლით - 2:0. 2:0 ამ მატჩში და 3:0 ორი მატჩში ჯამში. მოკლედ, „ტოტენჰემის“ შანსი პრაქტიკულად განულდა და მაურისიო პოჩეტინოს გუნდს წესით, არაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა. ასე ფიქრის საფუძველს არამარტო ხსენებული მატჩის პირველი ტაიმი, არამედ ზოგადად ამ წყვილის განვლილი სამი ტაიმი იძლეოდა. მაგრამ, ოთხმა მაგიურმა წუთმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და „მამლები“ თამაშში დააბრუნა. ლუკას მოურა კი გმირია. ბრაზილიელი არასდროს დაივიწყებს ამ თამაშს და წესით არც „ტოტენჰემმა“ უნდა დაივიწყოს ოდესმე.

ლუკასმა 55-ე და 59-ე წუთებზე დუბლი მიითვალა და ანგარიში გაათანაბრა. ასე „ტოტენჰემის“ შანსი გაიზარდა და ახლა ფინალისთვის ერთი უპასუხო გოლი სჭირდებოდა. თამაში კი ისეთი იყო, ვერ მოიწყენდით. ჰაკიმ ზიეჩს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა, ერთხელ ძელსაც მოახვედრა ბურთი. საპასუხოდ, იან ვერტონგენმა ხარიხარ შეაზანზარა და ამასობაში თამაშის დასასრულიც მოახლოვდა. ფელიქს ბრიხის დამატებული ბოლო მეხუთე წუთი კი არც „აიაქსს“ და არც „ტოტენჰემს“ არასდროს დაავიწყდება. ლუკას მოურა ერთადერთი წამის მეასედი ჰქონდა კარში დარტყმის და გამოიყენა, ბურთი ბადეს შეეხო და უამრავი ცრემლი დაიღვარა. ცრემლი მწუხარების და ცრემლი - სიხარულის.

ლონდონის „ტოტენჰემი“ ფინალში საოცრად დრამატულ ბრძოლაში გავიდა და ეს მისთვის პირველი ფინალი იქნება ჩემპიონთა ლიგაზე. საერთოდაც, ევროთასებზე მესამედ შედგება ინგლისური ფინალი. 1972 წელს „ჰოტსპურსი“ უეფას თასის ფინალში „ვუვლზს“ დაუპირისპირდა, ხოლო 2008 წელს ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერი“ – „ჩელსის“. ამჯერად, „ტოტენჰემისა“ და „ლივერპულის“ ჯერია. ლუკას მოურა კი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელი გახდა, ალესანდრო დელ პიეროს, ივიცა ოლიჩის, რობერტ ლევანდოვსკისა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, რომელმაც ნახევარფინალში ჰეთ-თრიქი შეასრულა. სხვათა შორის, ინგლისურმა გუნდებმა თამაშის, რომელსაც ორი ან მეტი ბურთის სხვაობით აგებდნენ, მეშვიდედ დააქამბექეს და ეს ოთხით მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე სხვა ქვეყნის წარმოადგენლებს აქვთ გახერხებული.

„ტოტენჰემი“ პირველი გუნდი 1999 წლის შემდეგ, რომელმაც ნახევარფინალური მატჩი მოიგო, რომლის მიმდინარეობისას 0:2-ს მარცხდებოდა. 20 წლის წინ იგივე ტურინში, „იუვენტუსთან“ „მანჩესტერმა“ გააკეთა. გარდა ამისა, „ჰოტსპური“ მერვე ინგლისური გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის/თასის ფინალში ითამაშებს „არსენალის“, „ასტონ ვილას“, „ჩელსის“, „ლიდსის“, „ლივერპულის“, „მანჩტესერისა“ და „ნოტინგემის“ შემდეგ.

„აიაქსი“ კი, დამარცხდა, მაგრამ გამარჯვებული ფეხბურთი ითამაშა და ამ ფორმაციის გუნდს დიდხანს არ დაივიწყებენ. მართლაც ძნელი საყურებელი იყო გაოგნებული ჰოლანდიელების ყურება საფინალო სასტვენის შემდეგ, მაგრამ რას იზამ, ეს ფეხბურთის კანონია და გამარჯვებული ყოველთვის ერთი გუნდია. ეს გუნდი ამჯერად „ტოტენჰემი“ გამოდგა.

1-ელ ივნისს კი ევროპულ საკლუბო ფეხბურთს ახალი მეფე ეყოლება. ესპანეთის დედაქალაქში წმინდა ინგლისური ფინალი გველოდება...

„აიაქსი“ – „ტოტენჰემი“ 2:3 (2:0) VIDEO

ამსტერდამი, „იოჰან კრუიფ არენა“

მაყურებელი: 53 285

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო; შონე (ველტმანი 60), ვან დე ბეეკი (მაგალანი 90), დე იონგი; ზიეჩი, დოლბერგი (სინკგრავენი 67), ტადიჩი

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

„ტოტენჰემი“ (4-3-1-2): ლორისი; ტრიპიერი (ლამელა 81), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი (დევისი 82); სისოკო, ვანიამა (ლორენტე 46), დელე ალი; ერიკსენი; ლუკას მოურა, სონი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 დე ლიხტი (5), 2:0 ზიეჩი (35), 2:1 ლუკას მოურა (55), 2:2 ლუკას მოურა (59), 2:3 ლუკას მოურა (90)

გაფრთხილება: დოლბერგი (50), ზიეჩი (77) - სისოკო (16), როუზი (76)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 17 (7) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 6:9 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ფელიხ ბრიხი (გერმანია)

Loading...
სტატისტიკა
0.2638