ფეხბურთი

16:07 | 8.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ოსერიდან" სტამბულამდე - "ლივერპულის" დაუჯერებელი ქამ-ბექები

„ეს იყო „ენფილდის“ ყველაზე დიდი საღამო ისტორიაში“, - ეს სიტყვები „ლივერპულის“ ლეგენდა ჯეიმი კარაგერმა „ბარსელონასთან“ გუშინდელი გამარჯვების შემდეგ თქვა. და, თუ კარაგერი ასე ფიქრობს, მაშინ უნდა დავუჯეროთ, რადგან ვის თუ არა მას, „ლივერპულის“ შესახებ ნამდვილად დაეჯერება. „ენფილდ როუდზე“ შეუძლებელი არაფერი და ყველაფერი ხდება. თუნდაც, მოჰამედ სალაჰისა და რობერტო ფირმინოს გარეშე, თუნდაც მესის „ბარსელონასთან“, რომელიც სამბურთიანი სხვაობით იგებს...

მაგრამ, ეს არ ყოფილა „ლივერპულის“ ისტორიაში პირველი დიდი ქამ-ბექი და სასწაული, რომელიც „წითლებს“ უკავშირდებათ.

1991: „ენფილდის“ კანონი

„წითლების“ ქამ-ბექების პირველი თავი ჯერ კიდევ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება, როდესაც „ლივერპულის“ ინგლისურ ფეხბურთში დომინირებდა. 1991-992 წლების სეზონში ინგლისურ გრანდს გრემ სუნესი წვრთნიდა და უეფას თასის 1/16 ფინალში ფრანგულ „ოსერს“ დაუპირისპირდა. პირველი თამაში „ლივერპულისთვის“ კატასტროფული გამოდგა, რადგან საფრანგეთში გი რუს გუნდთან 0:2 წააგო. თუმცა, „ენფილდზე“ საპასუხო მატჩი ჯერ კიდევ წინ იყო. 6 ნოემბერსსასწაული შედგა. იან მიალბიმ მეოთხე წუთზე გახსნა ანგარიში, ხოლო თამაშის დაწყებიდან ნახევარი საათი იყო გასული მაიკ მარშმა ორი მატჩის ჯამში წონასწორობა რომ აღადგინა. 83-ე წუთზე კი ქამ-ბექს წერტილი მარკ უოლტერსმა დაუსვა. „ლივერპულმა“ მაშინ ასპარეზობა მეოთხედფინალში იტალიურ „ჯენოასთან“ მარცხით დაასრულა.

2004: სტამბულამდე

იმ სეზონში, როდესაც „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მილანი“ სასწაულებრივად დაამარცხა, ქამ-ბექი მანამდეც შემოგვთავაზა. რა თქმა უნდა, ისევ მშობლიურ „ენფილდზე“. 2004 წლის 8 დეკემბერს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში რაფა ბენიტესის გუნდს „ოლიმპიაკოსი“ ესტუმრა. სატურნირო ცხრილში ბერძნებს 10 ქულა ჰქონდათ, იგლისელებს - 7. შესაბამისად, „ლივერპული“ ჯგუფიდან მხოლოდ გამარჯვებით გავიდოდა. 27-ე წუთზე რივალდომ პირეოსელები დააწინაურა და იმის გათვალისწინებით, რომ ამ გუნდთა პირველი თამაში ბერძნებს 1:0 ჰქონდათ მოგებული, „ლივერპულს“ აუცილებლად ორი ბურთის სხვაობით უნდა მოეგო. ანუ, მინიმუმ სამი გოლი ჰქონდა 1 საათში გასატანი. ქამ-ბექი თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში ფლორენ სინამა-პონოლემ ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად ამისა, „ოლიმპიაკოსისთვის“ ყველაფერი კარგად მიდიოდა. ამ დროს, მე-80 წუთიც მოვიდა და ტაბლოზე 1:1 ეწერა, რაც ნიშნავდა, რომ მასპინძლებს დარჩენილ 10 წუთში ორჯერ უნდა გაეტანათ. ნილ მელორმა (ალბათ აღარავის ახსოს და არაფერს ეუბნება მისი გვარი), რომელიც მოედანზე 2 წუთის შესული იყო, მე-80 წუთზე „წითლები“ დააწინაურა, ხოლო 86-ე წუთზე სტივენ ჯერარდმა საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და „ლივერპული“ ჯგუფიდან გავიდა. მერე კი, სეზონი ტრიუმფით დაასრულა.

2005: „როსონერის“ ჯოჯოხეთი

იმ წელს „ლივერპულის“ გზა პლეი-ოფში „ლევერკუზენის“, „იუვენტუსისა“ და „ჩელსის“ დამარცხებით გაგრძელდა. ფინალი 25 მაისს, სტამბულში შედგა. ყველაფერი თითქოს „მილანის“ ტრიუმფისთვის შეიქმნა. პაოლო მალდინიმ პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში, რასაც ტაიმის ბოლოს ერნან კრესპოს დუბლიც მოჰყვა - 3:0. ასეთი დიდი უპირატესობის მიუხედავად რაფა ბენიტესის გუნდმა მეორე ტაიმში სასწაული მოახდინა. 54-ე 56-ე და მე-60 წუთებზე სტივენ ჯერარდმა, ვლადიმირ შმიცერმა და ჩაბი ალონსომ ანგარიში გაათანაბრეს და „ლივერპულმა“ დააქამბექა. ინგლისურმა გუნდმა დიდებულ „მილანს“ გრანდიოზული უპირატესობა 6 წუთში წაართვა. მერე იყო დამატებით დროში ირჟი დუდეკის სასწაული სეივი ანდრეი შევჩენკოს წინააღმდეგ. პენალტების სერიაში კი, პოლონელი ისევ შეუდარებელი იყო და „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს თამაში არ გამართულა „ენფილდზე“, მაგრამ „წითლების“ ქომაგებმა თავისი მუხტით „ათათურქი“ მშობლიურ არენად აქციეს.

2016: კლოპის პირველი ქამ-ბექი

გერმანელმა სპეციალისტმა „ბარსელონასთან“ გამარჯვების შემდეგ თქვა: „ეს იყო ყველაზე ლამაზი და განსაკუთრებული საღამო ჩემს კარიერაში“. თუმცა, ეს არ მომხდარა პირველად, საკმარისია წარსულში კარგად გავიხედოთ და გავიხსენოთ საოცარი ქამ-ბექი კლოპის ყოფილ გუნდ „დორტმუნდთან“. რა თქმა უნდა, ევროპა ლიგა ჩემპიონთა ლიგა არაა და „ბარსელონა“ უნიკალური გუნდია, მაგრამ როდესაც მეოთხედფინალში (თუნდაც ევროპა ლიგის) ასეთ თამაშს ატრიალებ, ისტორიას ავტომატურად წერ. გერმანიაში პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. „ენფილდზე“ დასაწყისი მასპინძლებისთვის შოკის მომგვრელი იყო. მე-5 წუთზე ჰენრიხ მხითარიანმა ანგარიში გახსნა, ხოლო მე-9 წუთზე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა სხვაობა გააორმაგა. სასოწარკვეთილი სიტუაცია შეიქმნა: „წითლებს“ აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისშივე დივოკ ორიჯიმ ანგარიშის სხვაობა შეამცირა. მაგრამ, მალევე მარკო როისმა ისევ გაიტანა და გერმანელები 3:1 დაწინაურდნენ. ეს ანგარიში 65-ე წუთამდე შენარჩუნდა და ინგლისელებს ნახევარფინალში გასასვლელად აუცილებლად სამი გოლი ჰქონდათ გასატანი (სულ მცირე). ნუთუ ყველაფერი დამთავრდა? არა, „ენფილდისთვის“ - არა! ფილიპე კოუტინიომ მეორე გოლი გაიტანა, ხოლო მამადუ სახომ 77-ე წუთზე გაათანაბრა. მსაჯის პირველ დამატებულ წუთზე კი დეიან ლოვრენის გოლმა საოცარი ქამ-ბექის მომსწრენი გაგვხადა - 4:3!

იმ სეზონში „ლივერპული“ ფინალამდე მივიდა (კლოპის პირველი ფინალი „ლივერპულში“), სადაც „სევილიასთან“ წააგო. ამას მოჰყვა შარშან კიევის ფინალში მარცხი და ახლა გერმანელი სპეციალისტის „ლივერპული“ მესამედ ითამაშებს ფინალს და ეცდება ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე 14 წლის შემდეგ ისევ ავიდეს.

თეგებილივერპული
0.108275