დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვევა. საწყისი 90 წუთის შემდეგ სურათი საკმაოდ ნათელია და „ბარსელონა“ „ლივერპულთან“ აშკარა ფავორიტად მოსჩანს.
შესაძლოა, „კამპ ნოუზე“ განვითარებულ მოვლენებს დაფიქსირებული ანგარიში (3:0) ზუსტად არ ასახავდა, მაგრამ ფაქტია და ფაქტს ვერსაც გავექცევით. გარდა ამისა, ბევრი პრობლემაა „წითლების“ თავს. იურგენ კლოპის გნდს ფონს გასვლა მოჰამედ სალაჰისა და რობერტო ფირმინოს გარეშე მოუწევს, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ. ახლა, თავად განსაჯეთ მერსისაიდელთა შანსი რისი ტოლფასია.
გარდა ამისა, „ლივერპული“ ფიზიკურად და რაც მთავარია, ფსიქოლოგიურად დაღლილია, რადგან პრემიერლიგაში დიდებულად თამაშობს, მაგრამ „მანჩესტერ სიტის“ ბოლო ტურის წინა ვერა და ვერ გადაასწრო. ორი აზრი არაა, ეს იურგენ კლოპის ბიჭებს ნერვებს მაგრად უშლით და შეიძლება ითქვას, მენტალურად დიდი ტვირთის ტარება უწევთ.
სრულიად საპირისპირო ვითარებაა „ბარსელონაში“, რომელიც დიდი ხანია ჩემპიონია და გასულ უიქ-ენდზე სულაც მეორე, ვისთვის, მესამე შემადგენლობით ითამაშა. მოკლედ, ახლა „ბლაუგრანას“ ერთადერთი საფიქრალია, როგორმე „ენფილდ როუდზე“ სამბურთიანი უპირატესობა არ გაანიავოს.
იურგენ კლოპი („ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი): „0:3 არ არის ის სიტუაცია, რომელ სიტუაციაშიც ყოფნა გვსურდა საპასუხო თამაშის წინ. მსოფლიოში ორი გამორჩეული თავდამსხმელი ხვალ ვერ დაგვეხმარება და ჩვენ ოთხი გოლი გვაქვს გასატანი. ცხოვრება ადვილი არაა, მაგრამ მოედანზე 11 ფეხბურთელი გავა. იდეალურად უნდა ვითამაშოთ. შესაძლოა, ეს იყოს ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი ბოლო მატჩი და საზეიმო განწყობა უნდა სუფევდეს“.
ერნესტო ვალვერდე („ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი): „თუ პირველი მატჩის შედეგზე ვიფიქრებთ, ეს შეცდომა იქნება. უნდა ვითამაშოთ, როგორც ფინალი. ვიცით, რომ რთული მატჩი გველოდება, რადგან მეტოქეს ზურგს გულშემატკივრები გაუმაგრებენ. „ლივერპულს“ სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც ჩვენთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ. გვინდა, რომ სიტუაცია გავაკონტროლოთ და კონცენტრაცია არ დავკარგოთ“.
სავარაუდო შემადგენლობები:
„ლივერპული“ (4-4-2): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; მილნერი, ვეინალდუმი, ფაბინიო, ჰენდერსონი; მანე, ორიჯი
„ბარსელონა“ (4-4-2): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა; სერხი რობერტო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ვიდალი; მესი, სუარესი
მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)