დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, რომლის ღირსებასაც ჯაბა კანკავა იცავს, უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში სტუმრად ფრანგულ “სენტ-ეტიენთან” 0:0 ითამაშა.
საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი “დნიპროს” სასტარტოში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. 2 ტურის მერე, უკრაინელებს 1 ქულა აქვთ და F ჯგუფში, სადაც მილანის “ინტერთან”, აგდამის “ყარაბაღთან” და “სენტ-ეტიენთან” გამოდიან, მესამე ადგილზე იმყოფებიან.
აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის გამოტოვებულ პირველ ტურში, გიორგი ჩიხრაძის მიერ გაწვრთნილი ზაქათალის “სიმურგი” სტუმრად “ბაქისთან” 0:1 დამარცხდა. “სიმურგს” 9 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-6 პოზიციაზეა.
უზბეკეთის უმაღლესი ლიგის 22-ე ტურში, “ქიზილქუმმა”, სადაც გიორგი კვესიეშვილი გამოდის, სტუმრად “ბუხარასთან” 1:0 მოიგო. ქართველი მარცხენა მცველი სამატჩო განაცხადში არ იყო. “ქიზილქუმი” 26 ქულით 14 გუნდში მეშვიდეა.