საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ბუქარესტში 3-5 მაისს გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 17 მედალი მოიპოვეს და ინდივიდუალური პირველობის გარდა, საერთო გუნდურ ჩათვლაშიც მიაღწიეს წარმატებას.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 10 წონითი კატეგორიიდან 5-ში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველები ავიდნენ. ჩემპიონები გახდნენ: ფრიდონ აბულაძე (55 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), ბექა გურული (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (87 კგ), ხოლო ლერი აბულაძე (63 კგ), კოკა ღარიბაძე (97 კგ) და რობიზონ ესაძე (130 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
თავისუფალთა ანგარიშზე 9 მედალია – 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 6 ბრინჯაო. ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა ოთარ ბაგაურმა (70 კგ). თეიმურაზ ბერუაშვილი (74 კგ) და ბაგრატ გაგნიძე (79 კგ) ფინალში დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ), თორნიკე ქათამაძემ (61 კგ), გოგა მამიაურმა (74 კგ), გიორგი ნებუნიშვილმა (86 კგ), დავით ქოჩქიანმა (92 კგ) და ვასილი ხვისტანმა (125 კგ).
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში ყველა კონკურენტს აჯობა. თავისუფლები კი მესამე ადგილზე გავიდნენ.
ამ ასაკობრივ ჯგუფში მოჭიდავეებს ერთ თვეში - 3-9 ივნისს ევროპის ჩემპიონატი ელით, რომელსაც ესპანეთის ქალაქი პონტევედრა უმასპინძლებს.