ფეხბურთი

14:35 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რიბერი "ბაიერნს" დატოვებს

ფრანკ რიბერი დამდეგ ზაფხულს მიუნხენის „ბაიერნს“ დატოვებს. აღნიშნული ცნობა „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებს შორის, კონტრაქტი აღარ გახანგრძლივდება.

„ფრანკ რიბერი კონტრაქტს არ გააგრძელებს, რომელიც 30 ივნისს იწურება და ის დატოვებს გუნდს, როგორც არიენ რობენი“, - ნათქვამია გუნდის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარი ფრანგმა შემტევმაც გააკეთა:

„როდესაც „ბაიერნში“ მივედი ეს ოცნება იყო. დამშვიდობება ადვილი არასდროსაა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის, რასაც ერთად მივაღწიეთ. ჩვენ ერთად თითქმის 20 ტიტული მოვიგეთ“, - თქვა რიბერიმ.

კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი, ფრანგ და ჰოლანდიელ ლეგენდებს დიდი მადლობა გადაუხადა:

„ფრანკი და არიენი დიდებული ფეხბურთელები არიან. დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ და გრანდიოზული დამშვიდობება მოვუწყოთ, ეს ძალიან ემოციური იქნება. მათ „ბაიერნთან“ ერთად საოცარი ფეხბურთით განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწიეს“, - აღნიშნა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, ფრანკ რიბერი „ბაიერნში“ 2007 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და გუნდის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. იგივე ითქმის არიენ რობენზეც, რომელიც „ალიანს არენაზე“ 2009 წელს აღმოჩნდა. „რეკორდმაისტერის“ მატიანეში ეს ორი გენიალური ფეხბურთელი სამუდამოდ დარჩება ერთი მეტსახელით - „რობერი“.

0.110792