ფეხბურთი

1:19 | 4.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუმ "იუვე" წაგებისგან იხსნა

იტალიის სერია A-ს 35-ე ტური გამორჩეული მატჩით დაიწყო - ტურინული დერბი, იგივე დერბი დელა მოლე. „იუვენტუსმა“ ჩემპიონის რანგში „ტორინოს“ უმასპინძლა და მორიგი უფერული მატჩი ჩაატარა.

მერე რა, რომ „იუვე“ უკვე ჩემპიონია, მასიმილიანო ალეგრის გუნდს გაცილებით მეტი მოეთხოვება და მითუფრო მაშინ, როდესაც საქმე დერბიზე მიდგება. „ტორინო“ კი დიდებულ სეზონს ატარებს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას იმედოვნებს. ვალტერ მაძარის გუნდის წარმატება მეტწილად, სტუმრად ჩინებულ თამაშთან ასოცირდება. სეზონი ლამის დამთავრდა და „ტორინო“ სტუმრად ოდენ ერთხელ („რომასთან“ 2:3) დამარცხდა. ტრადიცია არც ახლა დარღვეულა - „ხარებმა“ დერბი არ წააგეს.

მეტიც, ცოტა რომ გამართლებოდათ, მოიგებდნენ და უმნიშვნელოვანეს სამ ქულას მიითვლიდნენ. ლუკიჩმა უკვე მე-18 წუთზე დააწინაურა თავისი გუნდი და „ტორინო“ ლამის მთელი თამაში იგებდა. მატჩის დასრულებამდე სულ რაღაც 6 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა და „იუვე“ მარცხისგან დაიხსნა. პოირტუგალიელმა წინა ტურში იტალიურ დერბიში გაიტანა და „ბებერი ქალბატონი“ დამარცხებას გადაურჩა და ახლაც იგივე განმეორდა.

დაკარგულ ორ ქულას „იუვესთვის“ ბუნებრივია არაფერი შეუცვლია, მაგრამ „ტორინოსთვის“ კი ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, რადგან ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრას ეს ორი ქულა ძვირად დაფასდება.

„იუვენტუსი“ – „ტორინო“ 1:1 (0:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, სპინაცოლა; კუადრადო (მათეუს პერეირა 78), პიანიჩი, მატუიდი, ბერნარდესკი (დე შილიო 85); რონალდუ, კინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ტორინო“ (3-5-2): სირიგუ; იცო, ნ’კულუ, ბრემერი; დე სილვესტრი (ძაძა 89), ლუკიჩი (ოლა აინა 79), რინკონი, მეიტე, ანსალდი; ბელოტი, ბერენგერი (ბაზელი 70), ბელოტი

მწვრთნელი: ვალტერ მაძარი

გოლები: 0:1 ლუკიჩი (18), 1:1 რონალდუ (84)

გაფრთხილება: მატუიდი (34), ბონუჩი (71) - რინკონი (49), ლუკიჩი (68), ბრემერი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 9 (2) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: დანიელე დოვერი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.598655