ფეხბურთი

5:03 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

პირველი სერია "ნოუ კამპზე"

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართება, რომელიც ბევრისთვის ფარული ფინალიცაა და რომელშიც, ბევრისთვის მომავალი ჩემპიონი იმალება.

რამდენად ჭეშმარიტებაა ეს ყოველივე, მომავალი გვიჩვენებს, იქამდე კი, „ნოუ კამპზე“ „ბარსელონა“ – „ლივერპულის“ პირველი სერია შედგება. კატალონელები ძალიან კარგ ხასიათზე არიან, რადგან გასულ უიქ-ენდზე ესპანეთის ჩემპიონობა გაინაღდეს. აი, „ლივერპული“ კი პრემიერლიგაში საოცარ სეზონს ატარებს, მაგრამ საკუთარ თავზე მაინც არაა დამოკიდებული და თუ დარჩენილ ორ ტურში „სიტიმ“ არ წაიფორხილა, ნანატრი პრემიერლიგის ტიტული ისევ სამომავლო პერსპექტივად დარჩება.

დღევანდელ მატჩს რაც შეეხება ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი მძიმე ბრძოლას ელოდება. „ბარსელონას“ ტრავმირებულები არ ჰყავს (რაფინიას გარდა), ხოლო „ლივერპულს“ ადამ ლალანა დააკლდება, ხოლო რობერტო ფირმინოს საკითხი თამაშის დაწყებამდე უნდა გაირკვეს.

აქვე გეტყვით, რომ ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 8-ჯერ შეხვედრიან და მცირე უპირატესობა „ლივერპულის“ მხარესაა: 3 მოგება, 3 ფრე და 2 წაგება (6:6-ზე ბურთების ბალანსი).

ერნესტო ვალვერდე („ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი): „ჩვენი განზრახვა გამარჯვებაა, მაგრამ ვიცით, რომ მეტოქეს გოლის გატანის შანსი უნდა შევუმციროთ. ორი კარგი თამაში უნდა ჩავატაროთ, საწყისი 15 წუთი მნიშვნელოვანი იქნება. „ლივერპული“ სწრაფ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს - ეს იურგენ კლოპის სტილია“.

იურგენ კლოპი („ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი): „ფრე არ იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე ცუდი შედეგი. ბევრი გუნდი აქ სწორედ ამისთვის ჩამოდის, მაგრამ საბოლოოდ მარცხდებიან. ვნახე „სოსიედადთან“ და „ლევანტესთან“ მატჩები, სადაც მეტოქეები კარგად თამაშობდნენ, მაგრამ „ბარსელონამ“ მოიგო. მესი? ის საუკეთესოა. მან სეზონის დაწყებამდე თქვა, რომ ამ თასის მოგება უნდოდა და ეს ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური; მესი, სუარესი, კოუტინიო

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; ფაბინიო, ჰენდერსონი, ვეინალდუმი; სალაჰი, ფირმინო, მანე

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

0.270315