ფეხბურთი

2:30 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

იეს თორუპი: "ჩაკვეტაძის ტრავმა იმაზე სერიოზულია, ვიდრე გვეგონა"
"გენტს" დღეს ტიტულის მოგების შანსი აქვს

დღეს გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას „გენტი“ სეზონის უმნიშვნელოვანეს თამაშს ჩაატარებს. „ბუფალოს“ მეტოქე ბელგიის თასის ფინალში „მეხელენი“ იქნება და ქართველებს ჩინებული შანსი აქვთ, რომ ბელგიურ კარიერაში პირველი ტიტული მოიგონ.

გარდა იმისა, რომ თასი „გენტისთვის“ პრესტიჟული ჯილდო იქნება, ეს ევროპა ლიგის საგზურსაც გაუნაღდებს. ხსენებული მატჩისთვის მზადაა და სრული დატვრითვით ემზადება ქვილითაია, მაგრამ სამწუხაროდ გიორგი ჩაკვეტაძის თამაში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა გამორიცხა.

„ესპანეთში შეკრებისას ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გიორგი ასეთი მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზად ყოფილიყო. „ანდერლეხტთან“ ძირითად შემადგენლობაში ვათამაშეთ, მაგრამ ისევ იგივე მუხლი დაიზიანა. სამწუხაროდ, ტრავმა იმაზე სერიოზული გამოდგა, ვიდრე თავდაპირველად ვფიქროდით. ჩაკვეტაძე მზად არაა და ფინალში ვერ ითამაშებს“, - თქვა თორუპმა.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძეს მუხლი აქვს დაზიანებული და საოპერაციო. შედეგად, მისი თამაში მიმდინარე სეზონში გამორიცხულია, ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებში ივნისში გასამართ ორ შეხვედრაში.

„გენტისა“ და „მეხელენის“ დაპირისპირება კი, დღეს ბრიუსელში გაიმართება.

0.115304