სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) პრესსამსახურის განცხადებით, ამ სახეობის მმართველი ორგანიზაცია ერთადერთია, რომელსაც კრივში ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო შეჯიბრებების ორგანიზება იქამდე შეუძლია, ვიდრე ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) წევრად რჩება.
როგორც ცნობილია, შარშან, ნოემბრის ბოლოს IOC-მა ტოკიო-2020-ის პროგრამაში მოკრივეთა ტურნირის ჩატართვასთან დაკავშირებული გეგმები შეაჩერა. ასევე შეაჩერა AIBA-ს დაფინანსება. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა AIBA-ს მიმართ დაწყებული გამოძიება. IOC უკმაყოფილოა AIBA-ს მმართველობით, ფინანსური, ანტისადოპინგო თუ ეთიკის საკითხებით.
AIBA-ს მიმართ დაწყებული გამოძიების სრული მოხსენება, რჩევები, გასატარებელი ზომები თუ შესაძლო სანქციები წარმოდგენილი იქნება 22 მაისს IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე.
„საგამოძიებო კომისია თავის მოხსენებას IOC-ის აღმასრულებელ საბჭოს წარუდგენს. ამის საფუძველზე ივნისის კონგრესზე გადაწყდება IOC-დან AIBA-ს გარიცხვა-არ გარიცხვის საკითხი. AIBA მოუთმენლად ელის IOC-ის გადაწყვეტილებას," - ნათქვამია AIBA-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
www.geonoc.org.ge