ფეხბურთი

2:09 | 29.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" საჩუქარი ვერ შეირგო

გერმანიის ბუნდესლიგაში სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე საჩემპიონო ინტრიგა შენარჩუნდა. არადა, „ბაიერნს“ „შალკემ“ დიდებული საჩუქარი გაუკეთა ერთი დღით ადრე და „დორტმუნდს“ მოუგო.

ეს იმას ნიშნავდა, რომ „რეკორდმაისტერს“ 4 ქულამდე შეეძლო სხვაობის გაზრდა, თანაც თითქოს ამას ხელს არაფერი შეუშლიდა, რადგან მისი მეტოქე გასავარდნ ზონაში მყოფი „ნიურნბერგი“ იყო, რომელსაც ქულების დაგროვება ძალიან უჭირს. თუმცა, ნიკო კოვაჩის გუნდმა საჩუქარი მხოლოდ ნაწილობრივ შეირგო და ოდენ 1 ქულით გაზარდა სხვაობა.

უგოლო ტაიმის შემდეგ ბავარიულ დერბიში მასპინძლები დაწინაურდნენ და 75-ე წუთამდე იგებდნენ. მანამ, სანამ სერჟ გნაბრმა არ გაათანაბრა და „ბაიერნი“ უქულოდ დარჩენისგან იხსნა. ამრიგად, „რეკორდმაისტერს“ 71 ქულა აქვს, ხოლო „დორტმუნდს“ 69 და წინ კიდევ სამი ტურია - „ვერცხლის სინისთვის“ ბრძოლა გრძელდება.

ტურის კიდევ ერთი მატჩი ზინსჰეიმში შედგა, სადაც „ჰოფენჰაიმს“ დიდებული შანსი ჰქონდა „ვოლფსბურგი“ დაემარცხებინა და ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ერთ ნაბიჯში იქნებოდა, მაგრამ დამარცხებას ვინ ჩივის, საერთოდ განადგურდა და ახლა იმაზე უფრო მოუწევს ზრუნვა, რომ როგორმე ევროპა ლიგის ზონის მიღმა არ დარჩეს.

ბუნდესლიგის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და წინ ძალიან ბევრი საინტერესო თამაში გველოდება...

„ჰოფენჰაიმი“ – „ვოლფსბურგი“ 1:4 (1:1)

გოლები: 1:0 შალაი (9), 1:1 ვილიანი (41), 1:2 ვერგოსტი (69), 1:3 არნოლდი (85), 1:4 ვერგოსტი (88)

„ნიურნბერგი“ – „ბაიერნი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 პერეირა (48), 1:1 გნაბრი (75)

თეგებიბუნდესლიგა
0.109897