„რეალმა“ ეტყობა საბოლოოდ დაკარგა მიმდინარე ჩემპიონატისადმი ინტერესი. „ხეტაფესთან“ დაზავების შემდეგ, „სამეფო კლუბმა“ „რაიო ვალეკანოსთან“ წააგო მცირე მადრიდულ დერბიში. თანაც რეალელები მინდვრიდან ისევ უგოლოდ გავიდნენ. „ფუტკრებმა“ კი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. მათ ხომ „რეალისთვის“ 1997 წლის შემდეგ აღარ მოეგოთ.
„რეალმა“ აქტიურად დაიწყო თამაში, მაგრამ მასპინძლებმა მალევე გააწონასწორეს ვითარება და მე-17 წუთზე კინაღამ გაიტანეს. თუმცა, ხოსე პოსოს ტიბო კურტუამ აუღო. სტუმართა კარში გოლი მაინც გავიდა: ხესუს ვალიეხომ, რომელსაც სერხიო რამოსის ადგილი დაეკავებინა, საჯარიმოში ხავი გერა წააქცია. თამაში გაგრძელდა, მაგრამ არბიტრ გონსალო ფუერტესს ვიდეოარბიტრმა ყურში უჩურჩულა - წესი დაირღვაო და ამ უკანასკნელმაც პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა ადრიან ემბარბამ.
წინ კიდევ ტაიმნახევარი იყო, მაგრამ მრისხანე „რეალს“აღარაფერი გამოუვიდა.
სხვა მხრივ, მეოთხე ადგილის, ანუ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებლებმა ყველამ წააგეს და მეოთხეზე ისევ „ხეტაფე“ დარჩა.
ესპანეთი
პრიმერა. 35-ე ტური. 28 აპრილი
რაიო ვალეკანო - რეალი 1:0
მადრიდი. „კამპო დე ვალიეკასი.“ 13 273
1:0 ემბარბა (23, პენ)
რაიო ვალეკანო: გარსია, ტიტო, გალვესი, ბა, მორენო, აგბო, პოსო (ტრხო 85), მარიო სუარესი (მედრანი 76), ემბარბა, ბებე (გარსია 78), გერა
მწვრთნელი: პაკო ხემესი
რეალი: კურტუა, მარსელო, კარვახალი, ვარანი, ვალიეხო, ლიორენტე, მოდრიჩი (ისკო 74), კროოსი, სებალიოსი (დიასი 61), ბეილი, დიასი (ვასკესი 82)
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
მსაჯი: გონსალეს ფუერტესი
გაფრთხილება: მარიო სუარესი (43), აგბო (90+4); ვალიეხო (22), მოდრიჩი (28), დიასი (62), კარვახალი (80), მარსელო (87)
ვალენსია - ეიბარი 0:1
0:1 შარლესი (90+2)
ჟირონა - სევილია 1:0
1:0 პორტუ (62)
გაძევება: ბანეგა (სევილია, 90+5)
სოსიედადი - ხეტაფე 2:1
1:0 ვილიანი (21), 2:0 ოიარსაბალი (53), 2:1 საისი (89)
ვილიარეალი - უესკა 1:1
1:0 ფორნალსი (30), 1:1 ავილა (78)
გაძევება: პულიდო (უესკა, 90+2)