ავტოსპორტი

23:01 | 28.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასმა ბაქოში მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა

ვალტერი ბოტასმა აზერბაიჯანის დიდი პრიზის მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა. რბოლის დასაწყისში და მიწურულს, მან შეძლო თანაგუნდელ ლუის ჰამილტონის შეტევების მოგერიება და შარშანდელი რბოლისგან განსხვავებით, ლიდერობა გამარჯვებაში გარდასახა.

ფინელმა მრბოლმა მეორეზე გასულ ჰამილტონს 1.524 წამით აჯობა. ამჟამად მათ მხოლოდ ერთი ქულა აშორებს, რომლის კომპენსირებაც ჰამილტონს უსწრაფესი წრის დაფიქსირებით შეეძლო. მაგრამ ბოლო წრეზე მას შარლ ლეკლერმა აჯობა, რომელმაც ამისათვის მეორე პიტ სტოპი, ფინიშამდე ორი წრით ადრე შეასრულა.

ჰამილტონმა ჯერ სტარტზე სცადა დაწინაურება, მაგრამ როგორც თავადვე განაცხადა, „მეგობრულად“ შეუტია და მიზანს ვერ მიაღწია. არადა, პირველ და მეორე მოსახვევში მიზანთან ახლოს იყო. მას ბოლო ორ წრეზეც ჰქონდა შეტევის შანსი - ბოლოსწინა წრეზე, ჩამორჩენა წამზე ნაკლებამდე შეამცირა, რაც DRS-ის გამოყენების საშუალებას აძლევდა. მაგრამ მოსახვევში შეცდა და შეტევის შანსიც ხელიდან გაუშვა. თან, ამ დროს ბოტასი აუტსაიდერ რობერტ კუბიცას დაეწია და DRS-ის გამოყენების საშუალება მასაც მიეცა.

„რთული რბოლა იყო, ლუისისგან ზეწოლას მუდმივად ვგრძნობდი. შეცდომები არ დამიშვია“, - განაცხადა 29 წლის ბოტასმა, ვინც ამ სეზონში პირველი პილოტია, რომელმაც რბოლის პოულიდან მოგება მოახერხა. ჰამილტონის მსგავსად, წელს მას უკვე ორი მოგება აქვს. ორივემ ერთად კი „მერსედესს“ პირველი ოთხი რბოლა დუბლით მოაგებინა. ერთქულიანი უპირატესობა კი ფინელს იმ უსწრაფესი წრის წყალობით აქვს, რომელიც ავსტრალიის რბოლაში ჰქონდა.

მესამე ადგილი სებასტიან ფეტელს ერგო, რომელიც მთელი რბოლის განმავლობაში, მეტოქეების სიახლოვეს იყო, მაგრამ შეტევის მანძილზე არ მიახლოებია. მეხუთე ადგილს დასჯერდა მისი თანაგუნდელი შარლ ლეკლერი, რომელმაც რბოლა მერვე პოზიციიდან დაიწყო და მას შემდეგ, რაც ლიდერებმა საბურავები შეცვალეს, პელოტონს სათავეში ჩაუდგა. თუმცა განსხვავებული ტაქტიკით სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია.

„ფერარის“ ორ პილოტს შორის, მეოთხეზე მაქს ფერსტაპენი ჩადგა, ვისაც რბოლის დასაწყისში კარგი ტემპი ჰქონდა, მაგრამ როგორც თავად განცხადა, ვირტუალური უსაფრთხოების რეჟიმის (რომელიც მას შემდეგ ჩაირთო, რაც მისი თანაგუნდელი, პიერ გასლი ტრასაზე გაჩერდა) გამო, მისი მანქანის საბურავების ტემპერატურა დაეცა და ამან რბოლის მიწურულს, ბრძოლის საშუალება არ მისცა.

აზერბაიჯანის დიდი პრიზი

ბაქო, დისტანცია 306.049 კმ (6.003 კმ, 51 წრე)

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:31:52.942
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +1.524
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) +11.739
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) +17.493
  5. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) +69.107
  6. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) +76.416
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) +83.826
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +100.268
  9. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) +103.816
  10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) +1 წრე
  11. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) +1 წრე
  12. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) +1 წრე
  13. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) +1 წრე
  14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) +1 წრე
  15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) +2 წრე
  16. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) +2 წრე
  17. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) +13 წრე
  18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) +13 წრე
  19. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) +18 წრე
  20. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) +18 წრე

უსწრაფესი წრე: შარლ ლეკლერი - 1:43.009 (209.795 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ვალტერი ბოტასი - 87 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 86; 3. სებასტიან ფეტელი - 52; 4. მაქს ფერსტაპენი - 51; 5. შარლ ლეკლერი - 47; 6-8. სერხიო პერესი, პიერ გასლი და კიმი რაიკონენი - 13; 9. ლანდო ნორისი - 12; 10. კევინ მაგნუსენი - 8; 11-13. ნიკო ჰულკენბერგი, კარლოს საინსი და დანიელ რიკარდო - 6; 14. ლანს სტროლი - 4; 15. ალექს ალბონი - 3; 16. დანიილ კვიატი - 1; 17-20. ანტონიო ჯოვინაცი, რომენ გროჟანი, ჯორჯ რასელი და რობერტ კუბიცა - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 173 ქულა; 2. ფერარი - 99; 3. რედ ბულ-ჰონდა - 64; 4. მაკლარენ-რენო - 18; 5. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 17; 6. ალფა რომეო-ფერარი - 13; 7. რენო - 12; 8. ჰაას-ფერარი - 8; 9. ტორო როსო-ჰონდა - 4; 10. უილიამს-მერსედესი - 0

0.120458