ფეხბურთი

22:30 | 27.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"შალკემ" ყვითელი კედელიც დაანგრია და "დორტმუნდის" საჩემპიონო ამბიციაც

გერმანიის ბუნდესლიგაში „შალკემ“ მოსისხლე მტერი „დორტმუნდი“ შავ დღეში ჩააგდო და სეზონი უტიტულოდ დაასრულებინა. ეს ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არაა, მაგრამ ალბათ, რამდენიმე კვირაში ყველაფერი ნათელი გახდება.

არადა, პარადოქსია - „დორტმუნდი“ შესანიშნავ სეზონს ატარებს და ჩემპიონობისთვის ჯერ კიდევ იბრძვის, „შალკეს“ კი ერთობ წარუმატებელი სეზონი გამოუვიდა და ადგილის შენარჩუნება ბუნდესლიგაში ალბათ არ გაუჭირდება, მაგრამ ვაი, ასეთ შენარჩუნებას. მოკლედ, „სიგნალ იდუნა პარკზე“ ყველა „ყვითლების“ მორიგ და თან ადვილ გამარჯვებას ელოდა.

მაგრამ ვინც ასე ფიქრობდა, მწარედაც ცდებოდა. რურის დერბიში „შალკემ“ სეზონის თამაში ჩაატარა და „დორტმუნდს“ „ვერცხლის სინი“ სახეზე ააფარა. დანიელ კალიჯური იყო გამორჩეული, რომელმაც დუბლი გაიფორმა, ხოლო მის მონაგარს სალიფ სანემ და ბრილ ემბოლომ მიამატეს გოლები. და, „დორტმუნდი“? მისთვის შეხვედრა ჩინებულად, სწრაფი გოლით დაიწყო და დაწინაურდა კიდეც, მაგრამ მერე ლუსიენ ფავრის გუნდისთვის სასიკეთო არაფერი ხდებოდა, საერთოდ არაფერი.

ვინძლო, „დორტმუნდს“ დაკარგული 3 ქულა ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდეს. ყოველშემთხვევაში, „ბაიერნთან“ ჩამორჩენა ისევ 1 ქულაა, მაგრამ ამ ტურის შეხვედრა მიუნხენურ გიგანტს ჩასატარებელი აქვს („ნიურნბერგთან“) და ალბათ, ძნელი წარმოსაგენი არაა, რომ სხვაობის გაზრდას ეცდება. ამასობაში კი, რაღა დარჩა სეზონის დასრულებამდე - სამიოდე ტური...

მანამდე, სანამ „დორტმუნდი“ ჩემპიონობას დაშორდა, „ლაიფციგმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად გაიფორმა. „რედ ბულმა“ შინ „ფრაიბურგი“ ფიცხელ ბრძოლაში დაამარცხა და კონკურენტებთან სხვაობა იმდენი გახადა, რომ სამ ტურში მისი აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება.

„ჰანოვერი“ ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ არ გავარდეს, ოღონდ, ოდენ პლეი-აუტის ზონაში მოხვედრა იქნება მაქსიმუმი, მაგრამ ეს შანსიც მიზერული გახდა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ტომას დოლის გუნდმა „მაინცი“ დაამარცხა. თავის მხრივ, იქ, პლეი-აუტის ზონაში მყოფმა „შტუტგარტმა“ „გლადბახს“ მოუგო გასავარდნ ზონას 6 ქულითაა მოშორებული. „შვაბებს“ ბოლომდე მაინც არ გაუმართლათ, რადგან რომ არა „შალკეს“ გმირობა რურის დერბიში, ახლა „ხუმარებთან“ ჩამორჩენა მხოლოდ 3 ქულა იქნებოდა და ეს „შტუტგარტს“ ბოლომდე გადარჩენის მეტ იმედს მისცემდა. თუმცა, რას იზამ, „შვაბებს“ ამაზე თავის დროზე უნდა ეზრუნათ.

აი, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაბმული გუნდებისთვის წარუმატებელი ტური იყო. „გლადბახის“ მარცხზე გითხარით და, „აინტრახტი“ შინ უმოტივაციო „ჰერტას“ ვერ გაუმკლავდა.

„დორტმუნდი“ – „შალკე“ 2:4 (1:2)

გოლები: 1:0 გიოტცე (14), 1:1 კალიჯური (18, პენ), 1:2 სანე (28), 1:3 კალიჯური (62), 2:3 ვიტსელი (84), 2:4 ემბოლო (86)

„აინტრახტი“ – „ჰერტა“ 0:0 (0:0)

„დიუსლედორფი“ – „ვერდერი“ 4:1 (2:1)

გოლები: 1:0 რამანი (1), 2:0 კარამანი (23), 2:1 კრუსე (23, პენ), 3:1 ჰენინგსი (56), 4:1 სუტნერი (73)

„ჰანოვერი“ – „მაინცი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ვეიდანდტი (66)

„ლაიფციგი“ – „ფრაიურგი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვერნერი (19), 1:1 გრიფო (66), 2:1 ფორსბერგი (78, პენ)

„შტუტგარტი“ – „გლადბახი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 დონისი (56)

თეგებიბუნდესლიგა
0.163459