ჭიდაობა

12:05 | 3.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სალაძე მუშაობას გამოცდილი მოჭიდავეების გარეშე შეუდგა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი მიხეილ სალაძე სრული დატვირთვით მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებს. ვეტერანი მოჭიდავე გუშინ, ვაკის “ფალავანთა კლუბში” ნაკრების კანდიდატთა ვარჯიშს დაესწრო, რომელიც ახალი სამწვრთნელო შტაბის წევრმა ოთარ ტატიშვილმა ჩაატარა. წინასწარი ინფორმაციით, ფალავანთა კლუბში ეროვნული გუნდის გამოცდილი წევრებიც უნდა მისულიყვნენ, მაგრამ ამჯერად არც ერთი წონითი კატეგორიის ლიდერს არ უვარჯიშია.

“ჯერ სიტუაციას ვეცნობი. მოვითხოვე იმ მოჭიდავეთა სია, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატისწინა შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა. ნაკრების წევრების პროტესტზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. ყველა მოჭიდავეს შევხვდები და დაველაპარაკები. შევეცდები თითოეული მათგანი დავარწმუნო, პირადი ამბიციები გვერდზე გადადონ და პირველ ყოვლისა ქართულ ჭიდაობაზე იფიქრონ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს საწვრთნელი პროცესი. ნოემბრის ბოლოს ბელარუსის საერთაშორისო ტურნირი გველის. მომავალ სეზონში კი ოლიმპიადის ლიცენზიების გათამაშება იწყება” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” მიხეილ სალაძემ.

ბერძენ-რომაელთაგან განსხვავებით, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბი საქმეში ჯერ არ ჩართულა. გუშინ ფალავანთა კლუბში ეროვნული გუნდის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა, მაგრამ ვარჯიში კვლავ ძველმა მწვრთნელებმა ჩაატარეს. ნუგზარ სხირელი და მისი ასისტენტები დარბაზში სავარაუდოდ ორშაბათიდან შევლენ, გუნდის ლიდერებით თუ მათ გარეშე, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

ვასილ მშვილდაძე

0.121099