საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტურის მეორე სათამაშო დღე ბოლნისში გაიხსნა. „თამაზ სტეფანიაზე“ „სიონმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და გულშემატკივარმა საინტერესო 90 წუთი იხილა.
შეხვედრა სტუმართა კარნახით დაიწყო და ამან შედეგი ტაიმის შუაში გამოიღო. ბუდუ ზივზივაძემ საჯარიმოს მისადგომებთან ჩინებულად ითამაშა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. თუმცა, ქუთათურთა სიხარული ხანმოკლე გამოდგა, რადგან 2 წუთის შემდეგ ტაბლოზე ისევ თანაბარი ანგარიში იყო გამოსახული.
ჯაბა უგულავა მეკარესთან პირისპირ დარჩა, ტექნიკურად ითამაშა და წონასწორობა აღადგინა. უგულავასთვის ეს სეზონი დიდებულად დაიწყო და ბომბარდირთა დავაში ამ ტურამდეც ლიდერობდა და ახლა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია. „სიონის“ ათიანმა 65-ე წუთზე კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. ამჯერად მეორე სართულზე მოიგო პოზიცია და ჩინებულად დაარტყა. უგულავას 8 გოლი დაუგროვდა და უახლოეს მდევარს 3 გოლით უსწრებს.
თამაშს რაც შეეხება, დარჩენილ დროში „ტორპედო“ ცდილობდა უქულოდ არ დარჩენილიყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს, ბოლნისელთა კარის დარაჯმა ლევან ისიანმა საოცარი სეივით იმერულ გუნდს ქულის მოპოვების შანსი დაუკარგა.
„სიონმა“ ამ გამარჯვებით 14 ქულა დააგროვა და მეექვსეა, ხოლო „ტორპედო“ 17 ქულით მესამე ადგილს ინარჩუნებს. ყოველშემთხვევაში მინიმუმ იქამდე, სანამ „დინამო თბილისი“ არ ჩაატარებს მეათე ტურის შეხვედრას.
„სიონი“ – „ტორპედო“ 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 ზივზივაძე (29), 1:1 უგულავა (31), 2:1 უგულავა (65)