ბათუმის „დინამო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პოზიტივია. არამარტო გუნდი, მთლიანად ქალაქიც. ის, რაც ზღვისპირეთში ხდება, უბრალოდ ფანტასტიკაა და ფანტასტიკა იყო დღესაც მოქმედი ჩემპიონისა და აწ უკვე ყოფილი ლიდერის, „საბურთალოს“ წინააღმდეგ.
დიახ, ყოფილი ლიდერის, რადგან „დინამომ“ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი დიდებულ შეხვედრაში დაამარცხა და თავად გალიდერდა. ბათუმელებმა საწყისი ორი ტური წააგეს, მაგრამ იქედან მოყოლებული მიჯრით რვა თამაშია დაუმარცხებლები არიან და სატურნირო ცხრილის სათავეშიც მოექცნენ! ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი კი ადგილობრივი პუბლიკაა, რომელიც ტურიდან ტურამდე ალამაზებს საქართველოს ჩემპიონატს. გადაჭედილი ტრიბუნები და ბრწყინვალე საფეხბურთო გარემო, რომელსაც ასე დანატრებულია ჩვენი ქვეყნის ეროვნული პირველობა. ამის ფონზე, კიდევ უფრო ცხადია, რომ ბათუმში სტადიონი მალე უნდა აშენდეს და ძალზე სასიხარულოა, რომ ეს პროცესიც წარმატებით მიმდინარეობს.
რაც შეეხება მატჩს, რომელიც ალბათ მიმდინარე სეზონის საუკეთესო თამაში იყო. ალბათ, გახსოვთ ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისა“ და „ტოტენჰემის“ თრილერი და პირადად მე, სწორედ ეს მატჩი გამახსენდა დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე.
„საბურთალომ“ მასპინძელთა ორი უხეში შეცდომით დაცვაში ისარგებლა და კომფორტული უპირატესობა მე-18 წუთისთვის მოიპოვა. ჯერ გიორგი დიასამიძემ გახსნა ანგარიში, მერე კი, ოგნიენ როლოვიჩმა გაზარდა სხვაობა და თითქოს თბილისურ გუნდს მორიგი სამი ქულა უნდა მოეპოვებინა. მაგრამ, ასე სულაც ფიქრობდნენ გია გეგუჩაძის შეგირდები, რომელმაც დიდებული ქამ-ბექი შემოგვთავაზეს.
ვლადიმერ მამუჩაშვილმა 4-წუთიან ინტერვალში დუბლი გაიფორმა და წონასწორობა აღადგინა. 37-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა პენალტი მოიპოვა, ბურთთანაც თავად მივიდა, მაგრამ ომარ მიგინეიშვილმა აჯობა და ანგარიში შენარჩუნდა. თუმცა, დროებით, ზუსტად 4 წუთის შემდეგ ნიკოლოზ საბანაძემ მასპინძლები მაინც დააწინაურა - 3:2. აჭარლებმა პირველივე ტაიმში დაქაჩეს ორბურთიანი ჩამორჩენა და ანტრაქტს დაწინაურებული თავად შეხვდნენ.
მეორე ნახევარში კი, „დინამომ“ კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა. 59-ე წუთზე ბრწყინვალე კომბინაცია ფლამარიონის საგოლე პასითა და გაბრიელ რამოსის გოლით დასრულდა - 4:2. ეს მატჩის წერტილი გამოდგა და ბათუმის „დინამო“ გალიდერდა. სრულიად დამსახურებულად. იქაური გულშემატკივარი და ეს ქალაქი იმსახურებს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სათავეში ყოფნას და ეს განვლილმა ათმა ტურმა ნათლად დაადასტურა!
„დინამო“ (ბთ) – „საბურთალო“ 4:2 (3:2)
გოლები: 0:1 დიასამიძე (7), 0:2 როლოვიჩი (18), 1:2 მამუჩაშვილი (21), 2:2 მამუჩაშვილი (25), 3:2 საბანაძე (41), 4:2 რამოსი (59)