ცნობილი გახდა, ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) ხვალინდელი დღის განრიგი, როდესაც საქმეში საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილსაც ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა უნგრეთის ღია პირველობაზე მე-4 ნომრადაა განთესილი და ბრძოლაში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაებმება, სადაც მისი მეტოქე გერმანელი პეტერ გოიოვჩიკი იქნება.
ეს შეხვედრა პირველ კორტზე მე-3 წყებაშია დანიშნული და წინასწარი მონაცემებით, თბილისის დროით 16:00 საათიდან აიღებს სტარტს.
25 აპრილსვე ერთმანეთს მე-5 განთესვის მქონე სერბი ლასლო ჯერე და ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით გასული იტალიელი იანიკ სინერი დაუპირისპირდებიან.
თუკი ბასილაშვილმა გოიოვჩიკის ძლევა მოახერხა, მეოთხედფინალში ძალებს სწორედ აღნიშნულ დუეტში გამარჯვებულთან მოსინჯავს.