კალათბურთი

22:00 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე “მეგა ბემაქსს” უბრუნდება

სერბულმა “მეგა ბემაქსმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ 19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მონტენეგროს “ბუდუჩნოსტში” განათხოვრების მერე, სერბულ კლუბს უბრუნდება და უახლოესი დღეებიდან სერბეთის საკალათბურთო ჩემპიონატის დასკვნით რაუნდში ჩაებმება.

შეგახსენებთ, რომ ბითაძე ევროლიგის მონაწილე “ბუდუჩნოსტს” სეზონის მიმდინარეობისას შეუერთდა, მის სანაცვლოდ კი სრემსკა მიტროვიცას ზორან ნიკოლიჩმა მიაშურა. ახლა, კალათბურთელები ადგილებს ისევ გაცვლიან და გოგას გარჯა ძველ თანაგუნდელებთან ერთად მოუწევს.

სერბეთის ჩემპიონატის მომდევნო სტადიაზე 12 გუნდი ორ ექვსგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული. “მეგა ბემაქსი”, რომელსაც კვლავაც დეიან მილოევიჩი წვრთნის, B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად “დინამიკი”, “ნოვი პაზარი”, “პარტიზანი”, “სლობოდა” და “ტამისი” ეყოლება, A ჯგუფში კი “ბორაცი”, “ცრვენა ზვეზდა”, “დუნავი”, “ფმპ”, “ბეოგრადი” და “ზლატიბორი” ითამაშებენ.

ტურნირის ფორმატის თანახმად, ჯგუფების ორ-ორი მოწინავე ნახევარფინალში გავა, შემდეგ კი, ფინალური სერია შედგება. ბითაძის კლუბს პირველი ტურის შეხვედრა 26 აპრილს ელის, როდესაც ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ “პარტიზანს” ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110789