კალათბურთი

20:57 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართული კლუბების სოლიდური წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სპეციალური პროგრამით ხელს უწყობს წარმატებულ ახალგაზრდულ კლუბებს განვითარებაში და მათ საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობისთვის თანადაფინანსებას უწევს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გასული ოქტომბრიდან ბალტიის ლიგაში ასპარეზობენ წინა სეზონის Junior NBA – საქართველოს ლიგის სამეულის გუნდები – ზაზას აკადემია და “თბილისიბასკეტ იბერი”, ხოლო “ჰიუნდაი” აღნიშნულ ლიგაში მეორე წელია, საკუთარი სახსრებით მონაწილეობს. უკვე მეორე წელია პროგრამა წარმატებით ხორციელდება და ის ქართული კლუბების საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას და ამ გზით ახალგაზრდა მოთამაშების განვითარებას ისახავს მიზნად.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის თანადაფინანსებით ბალტიის ლიგაში მოასპარეზე ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი 13-წლამდელთა კატეგორიაში ჩემპიონი გახდა, ხოლო „თბილისი ბასკეტ იბერიმ“ მესამე ადგილი დაიკავა.

ამ გუნდებმა გასული წლის Jr. NBA-GBF ლიგაში წარმატებით იასპარეზეს. „ზაზა“ ჩემპიონი გახდა, „თბილისი ბასკეტ იბერი“ კი მესამეზე გავიდა და სწორედ ამით დაიმსახურეს მათ ბალტიის ლიგაში სამონაწილეოდ კალათბურთის ფედერაციის 50-პროცენტიანი დაფინანსება.

მისასალმებელია, რომ უკვე მეორე წელია, ბალტიის ლიგაში საკუთარი სახსრებით ასპარეზობს კიდევ ერთი ქართული კლუბი „ჰიუნდაი“, რომელიც წინა სეზონში 13-წლამდელებში ჩემპიონი გახდა, წლეულს კი მე-3 ადგილისთვის მატჩში „თბილისი“ ბასკეტ იბერთან“ დამარცხდა. კლუბის ხელმძღვანელობამ კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ კიდევ ერთხელ დააფინანსა გუნდის მონაწილეობა აღნიშნულ ტურნირზე.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩის დაწყებამდე (ტიტები-ქუთაისი) ბალტიის ლიგაში მონაწილე გუნდებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული შეხვდა, რომელმაც მოთამაშეებსა და მწვრთნელებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ამ მიღწევების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პაატა გურასპაულმა ზაზა აკადემიის, იბერისა და ჰიუნდაის გუნდებს კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის საპატიო სიგელები გადასცა.

ბალტიის ლიგა სოლიდური, მთელს სეზონზე განგრძობადი ტურნირია, რომლის 13-წლამდელთა კატეგორიაში ამ სეზონში 33 გუნდი მონაწილეობდა. კლუბების უმრავლესობა ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებს შეადგენდა, თუმცა იყვნენ გუნდები ბელარუსიდან, უკრაინიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან და რუსეთიდან. სწორედ რუსულ კლუბ „ადმირალს“ მოუგო 62:57 დაძაბულ ფინალში უილ სმიტისა და დავით მუმლაძის გაწვრთნილმა ზაზას აკადემიამ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ზაზას“ ლიდერი ნიკა აბულაძე გახდა, რომელმაც ფინალში 33 ქულა და 8 ჩაჭრა მოაგროვა, ხოლო ნახევარფინალში „თბილისი ბასკეტ იბერისთან“ 75:52 მოგებულ მატჩში 26 ქულა მიითვალა.

ბალტიის ლიგა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, იანვარსა და მარტში გაგრძელდა და ამ პერიოდში ჯგუფური ეტაპის ფარგლებში ქართულმა გუნდებმა 15-15 მატჩი გამართეს. თითოეულმა მათგანმა 12 მატჩი მოიგო და სუპერფინალში გადაინაცვლა, სადაც რეგულარული ჩემპიონატის 16 საუკეთესო გუნდი გავიდა. სუპერფინალს 19-21 აპრილს ესტონეთის ქალაქმა ტარტუმ უმასპინძლა, სადაც სამივე ქართულმა გუნდმა ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გავიდა.

ბალტიის ლიგაში ასპარეზობით აღნიშნული კლუბების 13-წლამდელებმა მდიდარი გამოცდილება მიიღეს. საქართველოს კალათბურთს ეროვნული ფედერაციის პროგრამა გრძელდება და ის Jr. NBA-GBF ლიგის წარმატებულ კლუბებზე ისევ გავრცელდება. წლევანდელი სეზონის Jr. NBA-GBF ლიგა 2 დივიზიონად (60 გუნდი) ჩატარდება, რომელიც მაისის თვეში დაიწყება.

www.gbf.ge

0.208977