გაირკვა ის ჩოგბურთელი, რომელსაც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) ნიკოლოზ ბასილაშვილი გაეჯიბრება.
გერმანელმა პეტერ გოიოვჩიკმა საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისს 7:5, 6:4 სძლია და მერვედფინალში ქართველ ჩოგბურთელს გაეჯიბრება.
ცნობისთვის, მიმდინარე რეიტინგში 27 წლის ბასილაშვილი მე-18 ადგილზეა, 29 წლის გოიოვჩიკი კი 85-ეა. ქართველ და გერმანელ ჩოგბურთელებს აქამდე 2-ჯერ უთამაშიათ და უპირატესობა პეტერის მხარესაა.
2016 წელს, ჩინურ შენჟენში გოიოვჩიკმა 6:3, 6:4 მოიგო, შარშან გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გამართულ ტურნირზე მან ნიკოლოზი 2:6, 6:3, 6:1 დაამარცხა.
ცნობისთვის, ნიკამ ბუდაპეშტში გასულ წელსაც ითამაშა და საწყის შეხვედრაში იტალიელ პაოლო ლორენცის 6:4, 6:2 სძლია, შემდეგ კანადელ დენის შაპოვალოვსაც დამაჯერებლად აჯობა (6:2, 6:4), მეოთხედფინალში კი იტალიელ ანდრეას სეპისთან 4:6, 6:7 (3:7) წააგო. შესაბამისად, საქართველოს პირველ ჩოგანს უნგრეთში 45 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.
ბასილაშვილისა და გოიოვჩიკის დაპირისპირება ხვალ შედგება, დღეს კი, ქართველი ჩოგბურთელი მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად, წყვილთა შეჯიბრში ჩაებმება.
თუკი არაფერი შეიცვალა, თბილისის დროით 16:30 საათიდან ჩვენთვის საინტერესო დუეტი გერმანულ წყვილს (კევინ კრავიეცი-ანდრეას მიესი) გაეჯიბრება.