სხვა

18:21 | 22.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა სუმოისტებმა ევროპირველობა 10 მედლით დაასრულეს

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე, რომელიც უფროსი ასაკის სუმოტორებს (ე.წ. სენიორებს) დაეთმო, ყველაზე მწირშედეგიანი გამოდგა ქართველი სუმოტორებისთვის. ჩვენმა ბიჭებმა მხოლოდ 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს. აქედან 1 გუნდურში და 2 პირად შეჯიბრებაში.

ინდივიდუალურში კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლა ორივე შემთხვევაში ლაშა ჯელაძემ მოახერხა - პირველად მძიმე წონაში (+115 კგ), მეორედ კი - აბსოლუტურში.

მძიმე წონის ბრინჯაოს ფინალში ქართული დაპირისპირება შედგა - ჯელაძემ ჩვენი ნაკრების კაპიტან, ზურა აქუბარდიას სუკუინაგეს ილეთით სძლია.

რაც შეეხება აბსოლუტურის ფინალს ბრინჯაოს მედლისთვის, აქ ლაშამ პოლონელი მატეუშ ლინკა დაამარცხა, ვატაშიკომის ილეთით.

როგორც იცით, ლაშა ჯელაძემ წინა დღეს 23-წლამდელთა შორის ოქროსა და ბრინჯაოს თითო მედალიც მოიპოვა და საერთო ჯამში ტალინის ევრო-პირველობაზე 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოუგროვდა.
სამწუხაროდ, პირად პაექრობებში სხვა ჩვენებურებს ხელი მოეცარათ. აქუბარდია-ჯელაძის გარდა ტალინის დოჰიოზე ვიხილეთ ლაშა მეშვილდიშვილი (-115 კგ), გელა ბურჯანაძე (-100 კგ), გიორგი გოგობერიშვილი (-100 კგ) და გიორგი გახოკიძე (-70 კგ). თუმცა მედალთან მიახლოების შანსი არცერთ მათგანს არ მიეცა.

რაც შეეხება გუნდურ დაპირისპირებებს, აქ ჯელაძე-აქუბარდია-მეშვილდიშვილის ტრიოსგან დაკომპლექტებულმა ჩვენმა ნაკრებმა პირველი წრე უპრობლემოდ გაიარა, უნგრეთის ნაკრების ძლევით - 3:0.
ნახევარფინალში, 23-წლამდელების დარად, ისევ უკრაინის ნაკრებს გადავეყარეთ და აქაც იგივე სცენარი განმეორდა - 1:1 ანგარიშზე კვლავ ვაჟა დაიაური დაგვიპირისპირდა ბოლო ბრძოლაში და უკრაინის სახელით მებრძოლმა ჩვენებურმა ამჯერად ლაშა მეშვილდიშვილს მიაყენა გადამწყვეტი მარცხი (თანაც იაგურანაგეს საკმაოდ ეფექტური ილეთით).
ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ დაპირისპირებაში კი ჩვენმა ბიჭებმა პოლონელებს სძლიეს - 2:1 და მესამე ადგილი დაიკავეს.

საერთო ჯამში, ჩვენი დელეგაციის ანგარიშზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალია.

საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

თეგებისუმო
0.123