სხვა

0:45 | 22.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ სუმოისტთა მედლები ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს სუმოტორთა ეროვნულმა ნაკრებმა ტალინში დაწყებული ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე, რომელიც 21-წლამდე ასაკის მებრძოლებს დაეთმო, სამივე სინჯის თითო მედლით დაასრულა.

ოქროს მედალი ჩვენმა ბიჭებმა გუნდურ ასპარეზობაში მოიპოვეს, დაამარცხეს რა ერთმანეთის მიყოლებით იტალიის (3:0), პოლონეთისა (2:1) და უკრაინის (2:1) ნაკრებები.
ვერცხლის მედალს დასჯერდა მძიმე (+115 კგ) წონაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი (18-წლამდელთა შორის), ზურა წიქორაძე. ბრინჯაო კი ამავე წონაში ბადრი ხატისკაცმა დაისაკუთრა.
სამწუხაროდ, ხელი მოეცარათ 85 კგ-ში მოასპარეზე დავით კაცაძეს და ნაკრების დებიუტანტ, დავით ხარებავას (-100 კგ), რომელთაც ორ-ორი შეხვედრა დათმეს.
უმედლოდ დარჩნენ ასევე აბსოლუტურ (იგივე თავისუფალ) წონაში მოასპარეზე გიორგი ბურჯალიანი და ბადრი ხატისკაცი.

ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს 23-წლამდე ასაკის სუმოტორებმა ჩვენი ქვეყნის მონაგარს 4 მედალი შეჰმატეს: 3 მედალი პირად ასპარეზობებში, ერთი კი - გუნდურში.

დღე ძალიან კარგად დაიწყო, რადგან მძიმე (+115 კგ) წონაში მოასპარეზე ლაშა ჯელაძემ და გიორგი ფარადაშვილმა ერთი ამოსუნთქვით გაიარეს ყველა ეტაპი და საღამოს პროგრამისთვის ქართული ფინალი დაგვიბევეს. ფინალში დიდად უკომპრომისო ბრძოლა აღარ გამართულა მათ შორის - ჯელაძემ მარტივად მოიგო იორიკირით და ოქროს მედალი დაისაკუთრა, ვერცხლს კი ფარადაშვილი დასჯერდა.
ლაშას და გიორგის კიდევ ერთხელ მოუწიათ ერთმანეთის პირისპირ დადგომა დოჰიოზე აბსოლუტურ (იგივე თავისუფალ) წონაში, ოღონდ ბრინჯაოს ფინალში. აქაც ჯელაძემ იმარჯვა (ისევ იორიკირით) და ბრინჯაოს სინჯის მედალიც მიამატა თავის მონაგარს.
სამწუხაროდ, სხვა წონით კატეგორიებში ვერაფრით გამოიჩინეს თავი ჩვენმა ბიჭებმა. ბრინჯაოს მედალთან ყველაზე ახლოს ჩვენი ნაკრების დებიუტანტი, დავით ხარებავა იყო 100 კგ-ში, თუმცა დავითმა გადამწყვეტი ორთაბრძოლა რუს მეტოქესთან ოშიდაშით დათმო და უმედლოდ დარჩა.
ამავე წონაში კიდევ ერთი ჩვენებური, გელა ბურჯანაძე გამოდიოდა, რომელიც საწყის ეტაპზე იტალიელ მეტოქეს ოშიტაოშით გაუსწორდა. მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი ბრძოლა წააგო, პოლონელ და რუს მებრძოლებთან და მედალთან მიახლოების საშუალებაც აღარ მიეცა.
85 კგ-მდე წონით კატეგორიაში (ისევე როგორც 21-წლამდელებში) კვლავ ორივე ორთაბრძოლა წააგო დავით კაცაძემ.
70 კგ-მდე წონაში კი კიდევ ერთი დებიუტანტი, გიორგი გახოკიძე წარსდგა ჩვენი ქვეყნის სახელით, რომელმაც 3-დან მხოლოდ 1 ორთაბრძოლა მოიგო და მასაც არ მიეცა მედალთან მიახლოების შანსი.

რაც შეეხება გუნდურ პაექრობებს, აქ ჩვენი ქვეყნის გუნდში ჯელაძე-ფარადაშვილის წყვილს ბადრი ხატისკაცი დაემატა და პირველი (მეოთხედფინალური) ეტაპი საკმაოდ დამაჯერებლად გაიარეს, მშრალად მოუგეს პოლონეთის ნაკრებს - 3:0. ნახევარფინალში უკრაინის ნაკრებს დავუპირისპირდით და ანგარიში 1:1 იყო, როდესაც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ბადრი ხატისკაცის პირისპირ უკრაინის სახელით მებრძოლი, წარმოშობით ქართველი, ვაჟა დაიაური დადგა. თავიდან უპირატესობას დაიაური ფლობდა, თუმცა ხატისკაცმა მოახერხა რთული სიტუაციიდან გამოსვლა, მეტოქე ტავარას მიაბჯინა და იორიტაოშის ილეთს ასრულებდა, მაგრამ ამ დროს ტანმორჩილმა დაიაურმა ულამაზესი უტჩარით შემოატრიალა და ძირს დასცა ქართველი ფალავანი. 1:2 დამარცხდა ჩვენი გუნდი და ფინალის საგზური უკრაინამ მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლში ჩვენმა ბიჭებმა ესტონელებს 2:1 სძლიეს და ბრინჯაოს მედლები ირგუნეს.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო მხარე, ოძეკი ბარუტოს სამშობლოში! ყველაფრის დაგვირგვინება იყო ოქროსმედალოსანი ლაშა ჯელაძის პატივსაცემად საქართველოს ძველი ჰიმნის, "დიდების" აჟღერება.

ჩვენი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, თენგიზ რუხაძის სრულიად სამართლიანი მოთხოვნით ძველი ჰიმნი შუა მსვლელობისას გააჩერეს, თუმცა სანაცვლოდ ამჟამინდელი ჰიმნის ჩართვა ვეღარ შეძლეს ესტონელებმა და შეურაცხყოფილებს მოუწიათ ქართველებს კვარცხლბეკის დატოვება...

ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი საშეჯიბრო დღე უფროსი ასაკის სუმოტორებს (ე.წ. სენიორებს) დაეთმობათ. საქართველოს ნაკრების ღირსებას 6 ფალავანი დაიცავს.
70 კგ-მდე წონით კატეგორიაში ისევ ჩვენი დებიუტანტი, გიორგი გახოკიძე იბრძოლებს.
დებიუტანტი გვყავს 100 კილოშიც, გიორგი გოგობერიშვილის სახით, რომელსაც გელა ბურჯანაძე შეუწყვილდება.
115 კგ-ში ლაშა მეშვილდიშვილი იასპარეზებს.
მძიმე (+115 კგ) წონაში კი ლაშა ჯელაძე და ჩვენი ნაკრების კაპიტანი, ზურა აქუბარდია გამოვლენ.

საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

თეგებისუმო
0.124118