ფეხბურთი

3:38 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" ზედიზედ მერვე სკუდეტო

იტალიის სერია A-ს დასრულებამდე 5 ტურით ადრე „იუვენტუსმა“ ჩემპიონობა გაიფორმა. ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის შემდეგ „იუვემ“ ფლორენციის „ფიორენტინას“ უმასპინძლა და ქულაც ჰყოფნიდა სკუდეტოს მოსაპოვებლად, მაგრამ მოიგო.

ტურინელებისთვის ეს ზედიზედ მერვე და ისტორიაში 35-ე სკუდეტოა (ისე, თავად 37-ე ითვლიან). ამრიგად, „ბებერმა ქალბატონმა“ იტალიაში მიჯრით მოგებული სკუდეტოების რეკორდი, რომელიც მას ეკუთვნოდა, ხომ გააუმჯობესა და კიდევ ერთი რეკორდიც დაამყარა. საქმე ისაა, რომ ტოპ ჩემპიონატებში ზედიზედ რვაჯერ ქვეყნის ჩემპიონი არავინ გამხდარა. აქამდე ამ შედეგს „იუვე“ „ლიონთან“ ერთად ინაწილებდა (7-7 ჩემპიონობა), მაგრამ ახლა ერთპიროვნულად დაეპატრონა.

რაც შეეხება მატჩს, სტუმრები მალევე დაწინაურდნენ, მაგრამ „იუვენტუსმა“ 53-ე წუთისთვის მოახერხა წინ გასვლა და მერე საქმე მშვიდად მიიყვანა ბოლომდე. სხვათა შორის, მასიმილიანო ალეგრიც გახდა რეკორდის ავტორი, რადგან აქამდე იტალიის ჩემპიონატი მიჯრით ხუთჯერ არცერთ მწვრთნელს არ ჰქონდა მოგებული. მოკლედ, ტურინში ზეიმი იყო, თუმცა ოდნაც თავშეკავებული. ქომაგთა ნაწილი გაბრაზებული ჩანდა ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის გამო და საზეიმოდ საქმეს არ მიიჩნევდნენ. ასეა თუ ისე, ამ ფორმაციის „იუვენტუსი“ იტალიური ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. ტურინელთა გაჩემპიონების შემდეგ გაჩნდა სხვადასხვა ჰეშთეგები, მაგალითად #Infinito და #W8nderful...

სხვა მატჩები - დღე მილანში, „ინტერისა“ და „რომას“ მეტად საინტერესო დაპირისპირებით დასრულდა. ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მეტწილად კლაუდიო რანიერის გუნდისთვის, რომელიც მალევე სტეფან ელ შაარავიმ დააწინაურა. თუმცა, მეორე ტაიმში ივან პერიშიჩმა უპასუხა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ამ ქულით კი უფრო კმაყოფილი „ინტერი“ უნდა იყოს, რადგან გაცილებით მომგებიან პოზიციაშია, ვიდრე „რომა“. თანაც, „მგლებს“ რომ მოეგოთ ოთხეულში შედიოდნენ, რადგან „მილანს“ ასწრებდნენ, თუმცა, ვერ შეძლეს.

„მილანმა“ კი თავის მხრივ ტური გახსნა და პარმაში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბთან ორი ქულა დაკარგა. ჯენარო გატუზოს გუნდმა ერთობ უფერული ფეხბურთი აჩვენა, მაგრამ სამუ კასტილეხოს გოლით 87-ე წუთამდე იგებდა. იქამდე, სანამ ვეტერანმა ბრუნო ალვეშმა ჯარიმა დიდოსტატურად არ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. მეოთხე ადგილისთვის ძალიან ფიცხელი ბრძოლაა და ამ ბრძოლაში ჩაბმული „ატალანტა“ ტურის დასკვნით მატჩს ხვალ ნეაპოლში ჩაატარებს.

მეოთხე ადგილზე პრეტენზიას აცხადებს „ტორინოც“, რომელიც სულ რაღაც სამი ქულითაა მოშორებული „მილანს“. ტურინელებმა სალვატორე სირიგუს შესანიშნავი თამაშისა და კრისტიან ანსალდის კინკილა გოლით გენუაში, „ჯენოას“ აჯობეს.

დიდი სენსაცია დაფიქსირდა რომში, სადაც „ლაციომ“ „კიევოს“ უმასპინძლა. სიმონე ინძაგის გუნდიც იბრძვის ოთხეულისთვის უკვე გავარდნილ, უსუსტეს „კიევოსთან“ ბუნებრივია მხოლოდ გამარჯვება იყო მიზანი. თუმცა, „ლაციალე“ ვერონელებთან მოულოდნელად დამარცხდა და თავი რთულ სიტუაციაში ჩაიგდო. სხვათა შორის, „მფრინავმა ვირებმა“ მიმდინარე სეზონში სულ რაღაც მეორე გამარჯვება მოიპოვეს...

რაცშეეხება ცხრილის ქვედა ნაწილს. „კალიარიმ“ დიდი ნაბიჯი გადადგა ელიტაში დარჩენისკენ, მას შემდეგ, რაც „ფროზინონე“ დაამარცხა. თავის ეს უკანასკნელი ალბათ გავარდება, რადგან სხვაობა ძალიან დიდია. „სპალმა“ ლევან მჭედლიძის „ემპოლი“ მისსავე მოედანზე დაამარცხა და პრაქტიკულად თავი ქუდში აქვს. აი, ტოსკანელთა ვითარება ამ წაგებით თითქმის უიმედო გახდა. ლევანმა მეორე ტაიმი სრულად ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა, მაგრამ მეტად თავის გუნდს ვერ წაადგა. „ემპოლი“ სამშვიდობოს ყველაზე ახლოს მყოფ „უდინეზეს“, რომელიც ამ ტურში „სასუოლოს“ დაუზავდა (1:1) 4 ქულით ჩამორჩება.

და ბოლოს, „ბოლონია“ - გუნდი, რომელიც სინიშა მიხაილოვიჩის თავკაცობით დიდებულად ათამაშდა და ამჯერად გენუის „სამპდორია“ 3:0 დაამარცხა. შედეგად, ხმამაღალი განცხადება გააკეთა ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად.

„იუვენტუსი“ – „ფიორენტინა“ 2:1 (1:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, რუგანი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, პიანიჩი (ბენტანკური 65), მატუიდი; კუადრადო (დე შილიო 87), რონალდუ, ბერნარდესკი (კინი 74)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ფიორენტინა“ (4-3-3): ლაფონი; მილენკოვიჩი, პეცელა, ჩეკერინი, ჰანცკო; ბენასი (ჟერსონი 73), ვერეტუ, დაბო; მირალასი (ფერნანდესი 80), სიმეონე, კიეზა (მურიელი 66)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 0:1 მილენკოვიჩი (6), 1:1 ალექს სანდრო (37), 2:1 პეცელა (53, ა.გ)

გაფრთხილება: ჟერსონი (80)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 9 (6) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 10:7 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

„პარმა“ – „მილანი“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 კასტილეხო (69), 1:1 ბრუნო ალვეში (87)

„ბოლონია“ – „სამპდორია“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 ტონელი (54, ა.გ), 2:0 პულგარი (69), 3:0 ორსოლინი (83)

„კალიარი“ – „ფროზინონე“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ჟოაო პედრო (27, პენ)

„ემპოლი“ – „სპალი“ 2:4 (1:2)

გოლები: 1:0 კაპუტო (22), 1:1 პეტანია (38, პენ), 1:2 ფლოკარი (44), 2:2 ტრაორე (47), 2:3 პეტანია (61), 2:3 ანტენუჩი (88)

„ჯენოა“ – „ტორინო“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ანსალდი (58)

„ლაციო“ – „კიევო“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ვინიატო (49), 0:2 ჰეტემაი (51), 1:2 კაისედო (67)

„უდინეზე“ – „სასუოლო“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 სენსი (31), 1:1 ლიროლა (80, ა.გ)

„ინტერი“ – „რომა“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ელ შაარავი (14), 1:1 პერიშიჩი (61)

თეგებისერია A
სტატისტიკა
0.222497