საკალათბურთო კლუბი “ვერა” “სუპერლიგაში” ითამაშებს! მილოშ პეიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალური სერიის მე-4 მატჩში 81:70 დაამარცხა (სერია – 3:1) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და სუპერლიგის 2019-2020 წლების სეზონის საგზური მოიპოვა. ვერელებმა, რომლებმაც სერიის საწყისი მატჩები 56:53 და 72:67 მოიგეს და სერიაში 2:0 დაწინაურდნენ, გასული შეხვედრა 11 ქულით დათმეს. გუშინ კი პეიჩის გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოიჩინა სიზუსტე და ბრძოლისუნარიანობა, რის ხარჯზეც დამსახურებული გამარჯვება და სუპერლიგის საგზური მოიპოვა.
კსუ საკმაოდ ღირსეულად ებრძოლა ვერელებს. მიუხედავად იმისა, რომ სერიაში 0:2 აგებდა, ჯერ საერთო ანგარიში შეამცირა და დღესაც ბოლო პერიოდამდე შანსს ინარჩუნებდა. თითქმის მთელი მატჩი ქულა-ქულაში თამაში მიდიოდა. “ვერამ” მხოლოდ ბოლო მეოთხედის შუაწელში ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე 10 ქულით ჩამოიტოვა. ამის შემდეგ ვერელებმა ლიდერობის შენარჩუნებას მიჰყვეს ხელი, რაც მშვენივრად გამოუვიდათ.
“ვერამ” მოიგო გუნდური თამაშითა და დაბალანსებული შემადგენლობით. მიუხედავად არცთუ დიდი ანგარიშისა, გამარჯვებულთაგან 6 მოთამაშე აცდა 10-ქულიან ბარიერს. კსუ-ში კი მხოლოდ 2 – ანდრე უოლკერმა 27 ქულა ჩააგდო, ხოლო ვენდელ ლუისმა – 11. “ვერაში” 16 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ივან საიჩიჩი. 15 ქულა მიითვალა ბრაისონ სკოტმა, ხოლო გუნდის კაპიტანმა ვახტანგ ქადარიამ, დავით მაისურაძემ და გივი ბაქრაძემ 12-12 ქულა მოაგროვეს. 11 ქულითა და 7 პასით დაასრულა შეხვედრა ბრენდონ სლაიმ.
მატჩის დასრულების შემდეგ “ვერას” მოთამაშეები საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ დააჯილდოვეს. გუნდის წევრებს სუპერლიგაში გადასვლის აღსანიშნავად სიმბოლური მედალიონები დაურიგდათ, ხოლო ვერელთა კაპიტან ვახტანგ ქადარიას ფედერაციის მესვეურებმა “ა” ლიგის საჩემპიონო სპეციალური პრიზი გადასცეს.
ფინალში დამარცხებული კსუ სეზონს აგრძელებს და ბოიან სალატიჩის გუნდს სუპერლიგაში გადასვლის შანსიც დარჩა. ხვალ, 20 აპრილს, ბოლო ტურის მატჩში გაირკვევა, თუ რომელი გუნდი დაიკავებს სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში მე-9 ადგილს. სწორედ მასთან მოუწევს საკვალიფიკაციო სერიაში დაპირისპირება “კავკასიას”. სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება.
ვერა – კსუსტატისტიკა: 81:70
www.gbf.ge