ცნობილი გახდა საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 10-12 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაგეგმილ გრანდ სლემზე წარსდგება.
მომავალ შეჯიბრზე 61 ქვეყნის წარმომადგენელი 546 ძიუდოისტია (322 კაცი+224 ქალი) დარეგისტრირებული, რომელთა შორის 11 ქართველიცაა.
ვაჟთა შორის ჩვენებურთაგან თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი (ორივე – 60 კგ.), ტატო გრიგალაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე – 81 კგ.), ლაშა ბექაური, ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე – 90 კგ.), გიორგი ბერიაშვილი, ონისე სანებლიძე (ორივე – 100 კგ.), გელა ზაალიშვილი და გიორგი ზაქარიაძე (ორივე +100 კგ.) იასპარეზებენ, ქალებში კი – მხოლოდ ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.).
შეამჩნევდით, რომ საქართველოს ნაკრები ძირითადად ახალგაზრდა ძიუდოისტებითაა წარდგენილი, მამაკაცთა 66 და 73 კგ-მდე წონით კატეგორიებში კი მონაწილეები არ გვყავს.