ფეხბურთი

2:26 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეპის ფიასკო: 812 მილიონი ევრო და კრახი ჩემპიონთა ლიგაზე

„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ფიასკო განიცადა და ამჯერად მაქსიმუმი მეოთხედფინალი გამოდგა. „ქალაქელების“ მეპატრონე მანსურ ბინ ზაიედ ალ-ნაიანდა უკვე წლებია რას არ აკეთებს, რომ მისი გუნდი ევროპული ფეხბურთის სათავეში მოაქციოს, მაგრამ არაფერი გამოსდის.

ჯერჯერობით საუკეთესო შედეგად ისევ ნახევარფინალი რჩება, რომელსაც 2015-2016 წლების სეზონში უწია და იქაც მადრიდის „რეალთან“ 180 წუთში პრაქტიკულად საგოლე მომენტის გარეშე დამარცხდა.

მდგომარეობას ვერც პეპ გვარდიოლა ასწორებს. ესპანელს „სიტიში“ უკვე მესამე ცდაზე მოეცარა ხელი: 2017 წელი - მერვედფინალი („მონაკო“), 2018 წელი - მეოთხედფინალი („ლივერპული“) და 2019 წელი -მეოთხედფინალი („ტოტენჰემი“). მოკლედ, კრიტიკის ობიექტი ბუნებრივია პეპიც გახდა და ბრიტანულ მედიაში უკვე დაუთვალეს მილიონები.

აქვე ვთქვათ, რომ გვარდიოლას 2011 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა არ მოუგია და საერთოდაც, ფინალიც სანატრელი აქვს. მას შემდეგ ერთი წარუმატებელი სეზონი „ბარსელონაში“ ჩაატარა, სამი „ბაიერნში“ და სამიც „მანჩესტერ სიტიში“ (წარუმატებლობაში ჩემპიონთა ლიგა იგულისხმება, შიდა ასპარეზზე კი ტიტულები ამ პერიოდში არ მოჰკლებია).

გაირკვა, რომ გვარდიოლამ „ბაიერნსა“ და „სიტიში“ მხოლოდ ტრანსფერების კუთხით 812 მილიონი ევრო დახარჯა. უშუალოდ ინგლისურ გუნდში კი, სამ წელიწადში 608 მილიონი ევრო!

„სიტიში“ მისვლისთანავე გვარდიოლას ნება-სურვილით გუნდმა გაბრიელ ჟესუსი, ილქაი გუნდოგანი და ჯონ სტოუნსი შეიძინა და ეს სიამოვნება 213 მილიონი ევრო დაჯდა.

შეიხმა მანსურმა ჯიბეზე ხელი კიდევ უფრო გვარიანად გაიკრა პეპის მეორე ცდაზე და ტრანსფერებში 317 მილიონი ევრო დაიხარჯა, ხოლო „ეტიჰად სთედიუმზე“ ბენჟამინ მენდი, კაილი უოლკერი, ედერსონ მორაეში, ბერნარდო სილვა, აიმერიკ ლაპორტი და დანილო ვიხილეთ.

მიმდინარე სეზონის წინ კი, პეპს უფროსობამ ასეთი გაქანების შესაძლებლობა აღარ მისცა და მხოლოდ 77 მილიონი გამოუყვეს. მათ შორის, ყველაზე დიდი თანხა კი, რიად მაჰრეზის სანაცვლოდ იქნა გაღებული. როგორც უკვე ვთქვით, გვარდიოლას „სიტიში“ ყოფნის პერიოდში ტრანსფერებში 608 მილიონი გაიხარჯა, ხოლო მას შემდეგ რაც „ქალაქელებს“ მანსური პატრონობს (2008 წლიდან) მხოლოდ ფეხბურთელების გადაბირებაში მილიარდ 600 მილიონი ევრო დაიხარჯა...

ბარემ გვარდიოლას „ბაიერნში“ გატარებული სამწლიანი პერიოდიც ვახსენოთ. ბუნებრივია, „რეკორდმაისტერის“ ბოსები ისეთი ხელგაშლილები არ არიან, როგორც პატივცემული შეიხი, მაგრამ პეპმა მაინც მოახერხა იუპ ჰაინკესის დანატოვარი და იმხანად ევროპის უძლიერესი გუნდის, „ბაიერნის“ 204 მილიონი ევროთი გაძლიერება. ესპანელმა მარიო გიოტცე, ტიაგო ალკანტარას, არტურო ვიდალის, მეჰდი ბენატიასა და დუგლას კოშტას სანაცვლოდ ხსენებული თანხა გაიღო. მიუხედავად ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნი“ მასთან ერთად ყოველთვის ნახევარფინალში მარცხდებოდა. ისე, “სიტიში“ ნაჩვენებ შედეგებს თუ გადავხედავთ, ეს სულაც არაა ურიგო მიღწევა...

Loading...
სტატისტიკა
0.239209