ფეხბურთი

2:27 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მამლის ყივილმა გვარდიოლას მყუდროება დაარღვია (+VIDEO)

მაშ ასე - „აიაქსი“, „ბარსელონა“, „ტოტენჰემი“ და „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არიან. ბევრი ალბათ ამ ოთხეულში „იუვენტუსსა“ და „მანჩესტერ სიტის“ ელოდა, მაგრამ ფეხბურთიც ხომ იმითაა მიმზიდველი, რომ სიურპრიზები ხშირია.

ამასობაში, პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტი“ ისევ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას და ისევ მეოთხედფინალიდან. საერთოდ, „ქალაქელები“ ვერც გვარდიოლამდე ბრწყინავდნენ, მაგრამ მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მონაგარი მეტად სავალალოა: ერთი მერვედფინალი და ორი მეოთხედფინალი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა.

„სიტის“ ამჯერად გზაზე ლონდონის „ტოტენჰემი“ გადაეღობა. „ეტიჰად სთედიუმზე“ სრული საგიჟეთი სუფევდა. საწყის 11 წუთში ოთხი გოლი გავიდა და მსგავსი რამ ჩემპიონთა ლიგის ისტორიას არ ახსოვს! ჯერ იყო და რაჰიმ სტერლინგმა შეაგდო, მერე ჰონ-მინ სონმა დუბლი გაიფორმა! „სიტი“ თამაშში მალევე დაბრუნდა და ჩამორჩენიდან ერთ წუთში ბერნარდო სილვამ წონასაწორობა აღადგინა. ამას მოჰყვა 21-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგის დუბლი და - 3:2. ტაიმიც ასე დასრულდა და სხვათა შორის, 2005 წლის შემდეგ, როდესაც „ჩელსი“ – „ბარსელონას“ მატჩში 45 წუთის შემდეგ ანალოგიური ანგარიში იყო დაფიქსირებული, პირველ ტაიმში 5 გოლი არ გასულა ჩემპიონთა ლიგაზე.

გვარდიოლას გუნდი იგებდა, მაგრამ ამ ანგარიშით ნახევარფინალში ვერ გავიდოდა. ამიტომ, ზეწოლას აძლიერებდა და კუნ აგუერომ შეძლო კიდეც მეოთხედ დაელაშქრა უგო ლორისის კარი. თუმცა, „სიტის“ ბედნიერება ხანმოკლე გამოდგა, ფერნანდო ლორენტემ 73-ე წუთზე მორიგი გოლი გაიტანა და „ტოტენჰემი“ ნახევარფინალის გზაზე დაბრუნდა. მსაჯმა 5 წუთი რომ დაამატა, კრისტიან ერიკსენი შეცდა და სტერლინგმა გაიტანა! თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აგუერო თამაშგარე მდგომარეობაში იყო და ვიდეორეფერის მეშვეობით გოლი გაუქმდა. გვარდიოლას, ფეხბურთელების, სტადიონის სიხარული ამაო და ნაადრევი გამოდგა. „ტოტენჰემი“ ნახევარფინალშია ისტორიაში პირველად. სხვათა შორის, ის მეშვიდე ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც ოთხეულში შესვლა მოახერხა. მანამდე იგივე, „მანჩესტერ სიტის“, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ლივერპულს“, „არსენალს“, „ლიდს იუნაიტედსა“ და „ჩელსის“ მოეხერხებინათ და ეს არცერთი ქვეყანა ნახევაფინალურ სტადიაზე ასეთი მრავალფეროვნებით არ გამორჩეულა (საუბარი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზეა და არა ჩემპიონთა თასზე).

ბარემ ესეც ვთქვათ: „ტოტენჰემი“ ჯგუფირ ეტაპზე სამი ტურის შემდეგ კინკილა ქულის ამარა იყო და ჯგუფიდან გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებდა. მერე, ბოლო ტურში „ინტერის“ თამაშზე იყო დამოკიდებული და „ნერაძურიმ“ პსვ ეინდჰოვენი რომ ვერ დაამარცხა ბოლო ტურში, ამის წყალობით გავიდა პლეი-ოფში. ახლა ეს „ტოტენჰემი“ უკვე ნახევარფინალშია და სრულიად დამსახურებულად. და კიდევ, ეს, ის „ტოტენჰემია“, რომელსაც ბოლო ორი სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთი ფეხბურთელიც კი არ უყიდია. ყოჩაღ მაურისიო პოჩეტინოს და ნურავინ ჩამოწერს ამ დიდებულ გუნდს. „მამლებს“ შემდეგ ეტაპზე ტურნირის კიდევ ერთი სიურპრიზი, ამსტერდამის „აიაქსი“ ელოდებათ.

დღის მეორე მატჩში არაფერი განსაკუთრებული და მოულოდნელი არ მომხდარა. „ლივერპულმა“ „ენფილდ როუდზე“ დაწყებული საქმე „დრაგაუზე“ დაასრულა და „პორტუ“ 4:1 გაანდგურა. შედეგად, იურგენ კლოპის გუნდი ზედიზედ მეორედ გავიდა ნახევარფინალში. „წითლებს“ იქ „ბარსელონა“ ელოდებათ.

„პორტუ“ – „ლივერპული“ 1:4 (0:1) VIDEO

პორტუ, „დრაგაუ“

მაყურებელი: 49 117

„პორტუ“ (4-3-3): კასილიასი; მილიტაო, პეპე, ფელიპე, ალექს ტელეში; ოტავიო (ტიკინიო 46), დანილო, ერერა; კორონა (სანტოსი 78), მარეგა, ბრაჰიმი (კოსტა 81)

მწვრთნელი: სერჟიუ კონსეისაუ

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი (გომესი 66), მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (ჰენდერსონი 71); ვეინალდუმი, ფაბინიო, მილნერი; სალაჰი, ორიჯი (ფირმინო 46), მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 მანე (26), 0:2 სალაჰი (65), 1:2 მილიტაო (69), 1:3 ფირმინო (77), 1:4 ვან დეიკი (84)

გაფრთხილება: პეპე (36) - მანე (32)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 9 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: დანი მაკეილე (ჰოლანდია)

„მანჩესტერ სიტი“ – „ტოტენჰემი“ 4:3 (3:2) VIDEO

მანჩესტერი, „ეტიჰად სთედიუმი“

მაყურებელი: 53 348

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, კომპანი, ლაპორტი, მენდი (სანე 84); დე ბრუინი, გუნდოგანი, დავიდ სილვა (ფერნანდინიო 63); ბერნარდო სილვა, აგუერო, სტერლინგი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი (სანჩესი 90); სისოკო (ლორენტე 41), ვანიამა; დელე ალი, ერიკსენი, ლუკას მოურა (დევისი 82); სონი

გოლები: 1:0 სტერლინგი (4), 1:1 სონი (7), 1:2 სონი (10), 2:2 ბერნარდო სილვა (11), 3:2 სტერლინგი (21), 4:2 აგუერო (59), 4:3 ლორენტე (73)

გაფრთხილება: სისოკო (41), სონი (48), როუზი (54), ვანიამა (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 9 (6) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11802