ფეხბურთი

2:59 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვებული ფეხბურთი! (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგას ორი ნახევარფინალისტი ჰყავს - „ბარსელონა“ და „აიაქსი“. კატალონელთა ოთხეულში მოხვედრა პირველი თამაშიდან გამომდინარე მოსალოდნელიც იყო და ძალიან ადვილადაც გადალახა „მანჩესტერის“ ბარიერი.

ეს, ის შემთხვევა იყო, როცა ერთი გუნდი აშკარად აღემატება მეორეს. მატჩის და ზოგადად, წყვილში გამარჯვებულის ბედი დასაწყისშივე გაირკვა - ლეო მესი შეუდარებელი იყო და დუბლი მეოცე წუთისთვის გაიფორმა. სხვათა შორის, არგენტინელმა ერთობ უსიამოვნო სერია შეწყვიტა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე გოლი 2013 წლის შემდეგ პირველად გაიტანა. საბოლოოდ, „ბარსელონამ“ ეს მატჩი 3:0, ხოლო ორი მატჩის ჯამში 4:0 მოიგო და მეტოქე უშანსოდ დატოვა. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ „ბლაუგრანამ“ სამი უშედეგო მცდელობის შემდეგ მეოთხედფინალური ბარიერიც დაძლია და თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.

გაცილებით დიდი ინტრიგა იყო მეორე წყვილში. ტურინში, „იუვენტუსი“ „აიაქსთან“ ფავორიტი გახლდათ, მაგრამ უკვე მერამდენედ დაამტკიცა ჰოლანდიურმა გრანდმა, რომ ძალიან მაგარი გუნდია და რაოდენ სამწუხაროა, რომ ფეხბურთელთა უმრავლესობას ეს გუნდი ზაფხულში ვეღარ შეინარჩუნებს...

„აიაქსი“ მთელი სეზონი სპექტაკლებს დგას და დადგა ტურინშიც. „იუვენტუსი“ საკუთარ მოედანზე ასეთი უსუსური და ასე დაჩაგრული, ძნელია გავიხსენოთ. „რეალსაც“ კი არ დაუჩაგრია მსგავსად, როდესაც 3:0 დაამარცხა, როგორც ახლა ჰოლანდიურმა გრანდმა.

კრიშტიანუ რონალდუს თავური 28-ე წუთზე მოჩვენებითი გამოდგა. ეს „იუვეს“ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მთელ თამაშში, დანარჩენი დრო „აიაქსის“ კარნახით გაილია. პირველი ტაიმი კიდევ ჰო, თანაბარი იყო, მაგრამ მეორე ნახევარში მოედანზე ერთი გუნდი - „აიაქსი“! მატის დე ლიტხმა 67-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა და ყველაფერი ნათელი გახდა. 1997 წლის შემდეგ პირველად „აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია. გარდა ამისა, „იუვენტუსთან“ ამსტერდამელებმა 10-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს და თანაც, როგორ?! მოკლედ, ფეხბურთმა მოიგო, „იუვენტუსი“ კი მომავალი სეზონისთვის უნდა მოემზადოს, როგორც ჩანს, გამარჯვებისთვის მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ საკამირისი არაა.

„ბარსელონა“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ 3:0 (2:0) VIDEO

ბარსელონა, „კამპ ნოუ“

მაყურებელი: 96 708

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო (სემედუ 71), პიკე, ლენგლე, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური (ვიდალი 75); მესი, სუარესი, კოუტინიო (დემბელე 81)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (4-3-3): დე ხეა; ჯონსი, ლინდელოფი, სმოლინგი, იანგი; მაკტომინეი, ფრედი, პოგბა; ლინგარდი (სანჩესი 80), რაშფორდი (ლუკაკუ 73), მარსიალი (დალო 65)

მწვრთნელი: ოლე გუნარ სულშერი

გოლები: 1:0 მესი (16), 2:0 მესი (20), 3:0 კოუტინიო (61)

გაფრთხილება: სუარესი (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 6 (3) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

„იუვენტუსი“ – „აიაქსი“ 1:2 (1:1) VIDEO

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 40 000

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო (კანსელუ 46), რუგანი, ბონუჩი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი (ბენტანკური 80), დიბალა (კინი 46), რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„აიაქსი“ (4-2-3-1): ონანა; ველტმანი, დე ლიხტი, ბლინდი, მაზრაუი (სინკგრავენი 11, მაგალანი 82); შონე, დე იონგი; ზიეჩი (ჰუნტელაარი 88), ვან დე ბეკი, ნერეში; ტადიჩი

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

გოლები: 1:0 რონალდუ (28), 1:1 ვან დე ბეკი (34), 1:2 დე ლიხტი (67)

გაფრთხილება: ემრე ჯანი (69), რონალდუ (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (2) - 10 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

0.361137