სხვა

15:42 | 15.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მსროლელები მსოფლიო თასში ჩაებნენ

მრგვალ სტენდზე მსროლელთა საქართველოს ნაკრები არაბეთის საემიროებში იმყოფება, სადაც ქალაქ ალ აინში სასტენდო სროლაში მსოფლიოს თასის გათამაშება მიმდინარეობს. მასში თავდაპირველად სასანგრე სტენდის წარმომადგენლები ჩაებნენ, შემდეგ კი მრგვალ სტენდზე მსროლელთა რიგიც დადგა. საქართველოს ნაკრებში დავით ქვათაძე, თენგიზ იმნაიშვილი და ვლადიმერ ნარჩემაშვილი შედიან, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელია გივი შენგელია.

მსოფლიო თასზე საკვალიფიკაციო ეტაპის 2 წრე გაიმართა, ჩვენი მსროლელებიდან კი ყველაზე უკეთ ჯერჯერობით ვლადიმერ ნარჩემაშვილი გამოდის, ვინც 47 ქულით (23, 24) 45-ე ადგილზეა. თენგიზ იმნაიშვილს და დავით ქვათაძეს 45-45 ქულა აქვთ. მათ სერიები ერთნაირი მაჩვენებლებით - 21 და 24 ქულით დაამთავრეს, ოღონდ ქვათაძემ უკეთესი შედეგი პირველ სერიაში აჩვენა, იმნაიშვილმა - მეორეში. ჯერჯერობით ცხრილშიც უფრო წინ იმნაიშვილია - 79-ე, ხოლო ქვათაძე 91-ეა.

სატურნირო ცხრილს 50-50 ქულით 5 მსროლელი ლიდერობს: ავსტრალიელი ლუკა პეტერ არგირო, ბერძენი იოანის გკოგკოლაკისი, ფინელი ევროპის პრიზიორი ტიმო ლაიტინენი, იტალიელი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი გაბრიელე როსეტი და ნორვეგიელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი ერიკ ვანტდალი.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.139979