კალათბურთი

1:00 | 13.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ვერა” “ა” ლიგის ფინალურ სერიაში დაწინაურდა

მილოშ პეიჩის გაწვრთნილმა “ვერამ” “ა” ლიგის ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა. ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩში ვერელებმა სერბი ბოიან სალატიჩის გაწვრთნილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი 56:53 დაამარცხეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

სასწორზე ძვირფასი პრიზი – სუპერლიგის საგზური დევს. რომელი გუნდიც სერიაში 3 გამარჯვებას მოიპოვებს, “ა” ლიგის ჩემპიონი გახდება და მომავალი, 2019-2020 წლების სეზონში სუპერლიგაში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

სერიის პირველ მატჩში ვერელებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ პეიჩის გუნდმა მწირექულიანი მატჩის კვალობაზე საკმაოდ სოლიდური უპირატესობა გაფლანგა და ბოლო წუთზე ჩამორჩა კიდეც, ვერელებმა მაინც ღირსეულად გაიმარჯვეს. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა მთლიანობაში ბევრი შეცდომა დაუშვა, განსაკუთრებით კი ერთ-ერთი ლიდერი, ვენდელ ლუისი ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე და თამაშიდან ნასროლი 10 ბურთიდან მხოლოდ 1 ჩააგდო.

პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა, მეორეში ვერელებმა ისარგებლეს მეტოქის უზუსტობით და დიდი შესვენებისთვის 5 ქულით დაწინაურდნენ. მესამე პერიოდში სხვაობა 13 ქულამდეც გაიზარდა და “კავკასია” თითქოს განწირული ჩანდა, თუმცა ბოლო პერიოდში სალატიჩის გუნდმა შეძლო მობილიზება და ჩამორჩენა ხომ გააბათილა, საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე, ანდრე უოლკერის სამქულიანით 51:50 დაწინაურდა.

დარჩენილ დროში ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, სანამ ქულით დაწინაურებულმა ვერელებმა კავკასიელთა ბოლო შეტევა არ მოიგერიეს და გამარჯვება არ გაინაღდეს. ფინალური სერიის პირველი მატჩის საუკეთესო მოთამაშე ივან საიჩიჩი გახდა, რომელმაც 22 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. 13 ქულა ჰქონდა ბრაისონ სკოტს, ხოლო 8-8 ქულა ვახტანგ ქადარიმ და გივი ბაქრაძემ მოაგროვეს. “კავკასიაში” 23 ქულით საუკეთესო იყო ანდრე უოლკერი, რიჩარდ მათიაშვილის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა. ვენდელ ლუისმა 15 ბურთი კი მოხსნა, მაგრამ მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო.

ფინალური სერიის მეორე მატჩი 16 აპრილს, 18:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

კსუ – ვერა
სტატისტიკა: 53:56

www.gbf.ge

0.10237