ფეხბურთი

19:58 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი: "ასეთ ფორმაში ერთა ლიგაზეც გაგვიჭირდებოდა"
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი თბილისში იმყოფება და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სლოვაკი სპეციალისტი არაერთ თემას შეეხო.

მათ შორის, რა თქმა უნდა, განვლილ ორ წარუმატებელ მატჩს, შვეიცარიისა და ირლანდიის ნაკრებებთან. გარდა ამისა, ისაუბრო მიზანზე და განაცხადა, რომ მთავარია გუნდი 2020 წლის მარტს და ერთა ლიგის პლეი-ოფს სათანადოდ მომზადებული შეხვდეს.

კონტრაქტის გახანგრძლივება

ფეხბურთის ფედერაციამ, როდესაც მეორე კონტრაქტი შემომთავაზა, გადავწყვიტე მიმეღო, რადგან ერთა ლიგა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ჩემი ინფორმაციით, წინამორბედებთან შედარებით ყველაზე ნაკლებ გასამრჯელოს ვიღებ.

სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას შვეიცარიასთან და ირლანდიასთან წაგებულ მატჩებზე და კიდევ გავიმეორებ, რომ არასდროს წაგება ჩემი ფეხბურთელებისთვის არ დამიბრალებია. შესაძლოა ემოციურ ფონზე იყო რაღაც განცხადებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელებს ვაბრალებ წარუმატებლობას. მწვრთნელი ვარ და შეცდომებს მეც ვუშვებ. ჩემს პასუხისმგებლობას ნამდვილად ვგრძნობ და ვაღიარებ.

ოქრიაშვილი? რა თქმა უნდა, მოუმზადებელი იყო, როდესაც გამოვიძახეთ, მაგრამ მისი მონდომების, ტალანტის გამო მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ თამაშებში მენახა, მიმეცა შანსი, 5 წუთი ვათამაშე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება.

კვირკველია და კვარაცხელია

არის მომენტები, როდესაც მწვრთნელი გადაწყვეტილებას იღებს და ინფორმაცია გასახდელში რჩება. არაფერი მომხდარა და ამ საკითხზე მეტს ვერ ვისაუბრებ. მე ჩავედი მოსკოვში, რომ პირველ რიგში მენახა, როგორ თამაშობს ის გუნდში და შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელია, როგორც გუნდში, ისე საქართველოს ნაკრებში.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიომინი მას ასეთ მაღალი დონის ჩემპიონატში ასეთ ასაკში უკვე ენდობა. საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და თუ ასე გააგრძელებს თამაშს, არაა გამორიცხული ახლო მომავალში საქართველოს ნაკრებშიც გამოვიძახო.

გიორგი არაბიძე

გიორგი არაბიძემ ეროვნულ ნაკრებში შანსი აქამდეც მიიღო. ახლა 21 წლამდე ნაკრებში თამაშობს და ბოლო მატჩები კარგადაც ჩაატარა. თუმცა, ამ დონის ტალანტი, როგორიც არაბიძეა, კლუბში გაცილებით მეტს უნდა თამაშობდეს, რადგან მისთვის პროგრესი აუცილებელია. შესაძლოა, კლუბის მთავარ მწვრთნელთან მცირე უთანხმოება აქვს,მაგრამ აუცილებელია, რომ კლუბში მთავარ მწვრთნელთან მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს. რა თქმა უნდა, მისთვის ეროვნული ნაკრების კარი დაკეტილი არაა. უბრალოდ მან კლუბში ისეთი ხარისხის თამაში უნდა აჩვენოს, რომელიც ეროვნულ ნაკრებს შეეფერება. მითხარით, მწვრთნელი, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელს არ გამოიძახებს? ფაქტია, რომ 20 წლის ფეხბურთელს კლუბში მეტი სათამაშო პრაქტიკა უნდა ჰქონდეს. შესაძლოა, ახლა მითხრათ, რომ უკლუბოდ მყოფი ოქრიაშვილი გამოვიძახე, მაგრამ მას დასამტკიცებელი არაფერი აქვს.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა

რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელზე გვაქვს ინფორმაცია. მაგალითად აკაკი შულაია, რომელიც ძალიან სწრაფი ფეხბურთელია, რომელსაც დრაივი აქვს და მას აქტიურად ვაკვირდებით. იმის ფონზე, რომ ეროვნულ ნაკრებში ხშირად არის ტრავმები, ასეთი კატეგორიის ფეხბურთელებს ვაკვირდებით. მის გარდა კიდევ არის 2-3 ფეხბურთელი. ვცდილობ მაქსიმალურად ბევრ თამაშს დავესწრო, როდესაც თბილისში ვიმყოფები და არც ინტერნეტის მეშვეობითაა რთულია თვალის მიდევნება, მითუმეტეს ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟია. საქართველოს ნაკრების კარი ეროვნულ ლიგაში მოთამაშე არცერთი ფეხბურთელისთვის დახურული არაა და ხშირი ყოფილა შემთხვევა, როდესაც ეროვნულ გუნდში ყოფილა ფეხბურთელი, რომელიც ქართულ გუნდში უთამაშია.

ჯანო ანანიძე

შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ გვქონდა ჯანოსთან საუბარი. მძიმე ტრავმის შემდეგ ის მზად არი იყო, რომ ასეთი მაღალი დონის ნაკრებებთან, როგორებიც შვეიცარია და ირლანდიაა, ორივე მატჩში სრულფასოვნად დაგვხმარებოდა და მივიღე გადაწყვეტილება, რომ მეორე თამაშისგან გამეთავისფლებინა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებ.

განწყობა

განწყობა? რა თქმა უნდა წაგებული მატჩის შემდეგ გასახდელში დადებითი განწყობა არაა და ეს ლოგიკურიცაა. თქვენი საქმეა კრიტიკა და მე ვიღებ ამ კრიტიკას, რომელიც დაკავშირებულია ამ ორ შეხვედრასთან. უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ნაკრებში ვარ და ერთა ლიგაზე ნაჩვენები შედეგი არის, როგორც ფეხბურთელების, სამწვრთნელი შტაბის, ისე ფეხბურთის ფედერაციის დამსახურება და დავუბრუნეთ იმედი ქართველ გულშემატკივარს. იმედი იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს ჰქონდეს შესაძლებლობა ევროპის ჩემპიონატზე. ამისთვის ვემზადებით, რომ მომავალ წელს პელი-ოფში მაღალ დონეზე ვითამაშოთ და სამზადისი დიდი ხანია დაწყებულია. ამ შემთხვევაში მე ვარ ქართველი, რადგან საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ და მოხარული ვარ, რომ ამ იმედის ნაწილი ვარ. რაც შეეხება ჩემს კომენტარს გიორგი ლორიას შესახებ, ეს შეეხებოდა არა კონკრეტულად ლორიას შეცდომას, არამედ ვისაუბრე იმის შესახებ, რომ არასწორად გვქონდა კედელი დაყენებული. როდესაც ვუყურებ განვლილი ორი თამაშის ჩანაწერს, ბევრ შეცდომას ვნახულობ. ჩვენ, როგორც მწვრთნელები, ისე ფეხბურთელები ამ მატჩებისთვის მზად არ ვიყავით და აღვნიშნავ, რომ ასეთი სიტუაცია რომ გვქონოდა ერთა ლიგაზე, შესაძლოა იქაც რთული ყოფილიყო თამაშების მოგება, ვგულისხმობ ტრავმებსა და სათამაშო ფორმას.

მსაჯის შეცდომები შვეიცარიასთან

დიახ, VAR-ი რომ ყოფილიყო, შესაძლოა მსაჯს სხვა გადაწყვეტილება მიეღო და მცველი მოედნიდან გაეძევებინა. რაც შეეხება გაშებულ გოლზე ჯარიმას, შესაძლოა გიორგი ქვილითაიაზე ჯარიმა იყო კიდეც, მაგრამ ეს გოლი ჩვენი შეცდომით გავიდა.

დაცვის მარცხენა ფლანგი და ფორვარდი

ჩემი ხელმძღვანელობით ტაბიძეს საკმაოდ კარგი პერიოდი აქვს. შვეიცარიასთან ამ პოზიციაზე კარგად ითამაშა, მაგრამ შემდეგ ტრავმა მიიღო და ირლანდიაშიც ვერ დაგვეხმარა. ვის მოვიაზრებ ამ პოზიციაზე? თუ გიორგი ნავალოვსკი არ იქნება გუნდში, ლაშა დვალს, ლევან ხარაბაძეს და ტაბიძეს. ხარაბაძე კარგად პროგრესირებს, საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშობს და ეს ძალიან მნიშველოანია. ნავალოვსკი კი, ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მან ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოს ნაკრებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ფორმაში არ იყო, გუნდთანერთად ყოფნა საჭირო გახლდათ. რაც შეეხება ფორვარდის პოზიციას, გიორგი ქვილითაია ძალიან მონდომებულია. მთავარია, რომ კლუბში უფრო ხშირად ითამაშოს და ჩვეული ფორმა დაიბრუნოს.

ერთა ლიგა და საკვალიფიკაციო ეტაპი

რა თქმა უნდა, ერთა ლიგა და საკვალიფიკაციო ეტაპი ძალიან განსხვავებულია. როდესაც ძლიერ მეტოქესთან წააგებ, ეს უნდა აღიარო, ხელი ჩამოართვა და მიულოცო. კიდევ გავიმეორებ, რომ ბოლო ორი თამაშისთვის საჭირო იყო 100%-ზე მეტით მზადყოფნა, მაგრამ ჩვენ 100%-ითაც არ ვიყავით მზად. ახლა ვემზადებით ივნისის მატჩებისთვის და ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ გიბრალტართან და დანიასთან შეხვედრებს. გამოვიაძებ თუ არა ოქრიაშვილს? როგორც ვიცი, მან „ანორთოსისთან“ კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ როდიდან შეძლებს თამაშს უცნობია. შესაბამისად, ამაზე იქნება დამოკიდებული, თუ ის თამაშებს დაიწყებს, რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად იქნება, რადგან ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

0.134196