ამსტერდამის „აიაქსის“ ტალანტმა, ან შესაძლოა უკვე შემდგარმა ვარსკვლავმა ფრენკი დე იონგმა მომავალი თანაგუნდელის, სერხიო ბუსკეტსის რეკორდი დაამხო.
საქმე ისაა, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი „იუვენტუსთან“ მატჩში ბურთს 117-ჯერ შეეხო და ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ამის გაკეთება მოახერხა. დე იონგმა ბუსკეტსის 2010 წელს, „ინტერთან“ დაფიქსირებული შედეგი გააუმჯობესა.
ცნობისთვის, დე იონგი ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში ბურთს 117-ჯერ 21 წლისა და 333 დღის ასაკში შეეხო. ჰოლანდიელი ტურინელთა წინააღმდეგ უბრალოდ შეუდარებლად მოქმედებდა და თავისი გუნდის რიგებში გამორჩეულიც გახლდათ.
საინტერესოა, რომ ფრენკი ზაფხულიდან კარიერას სწორედ კატალონიის „ბარსელონაში“ გააგრძელებს და „ბლაუგრანას“ ნახევარდაცვას ბუსკეტსთან ერთად გაამაგრებს.
შეგახსენებთ, „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და საპასუხო მატჩი 16 აპრილს ტურინში გაიმართება.