სხვა

23:20 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

IOC-ის შემფასებელმა კომისიამ იტალიაში ვიზიტი დაასრულა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) შემფასებელმა კომისიამ იტალიაში ვიზიტისას დაადგინა, რომ 2026 წელს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მასინძლობის კანდიდატი ქალაქები - მილანი და კორტინა დ'ამპეცო „დღის წესრიგი 2020"-ის ყველა რჩევას ითვალისწინებენ. შემფასებელი კომისია შეხვდა იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სპორტის მესვეურებს, მილანისა და კორტინა დ'ამპეცოს მერებს, გუბერნატორებს.

შემფასებელი კომისიის ხელმძღვანელის, ოქტავიან მორარიუს განცხადებით, მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კანდიდატი ქალაქების მიმართ ყველა დონეზე ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერამ.

იტალიის გარდა, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სურვილი აქვს სტოკჰოლმსაც, რომელსაც შვედეთის ხელისუფლებისგან მყარი გარანტიები ჯერ არ მიუღია.

შემფასებელ კომისიას ახლა მოხსენება აქვს მოსამზადებელი, სადაც დეტალურად იქნება შეფასებული იტალიელთა და შვედების განაცხადები.

2026 წლის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქის ვინაობა ცნობილი გახდება წლეულს, 24 ივნისს, ლოზანაში IOC-ის 134-ე სესიაზე.

wwww.geonoc.org.ge

0.112336