კალათბურთი

23:20 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

თასის გათამაშების ნახევარფინალი “მგზავრებმა” და “ტიტებმა” შეავსეს

თასის გათამაშების ნახევარფინალისტების სრული ვინაობა გაირკვა. საუკეთესო ოთხეულში წინა თვეშ გასულ “ქუთაისს” და “დელტას” დღეს “მგზავრები” და “ტიტები” შეუერთდნენ. ოლიმპიურ სასახლეში გამართული მეოთხედფინალური სერიების გადამწყვეტ მატჩებში ამ გუნდებმა შესაბამისად “თსუ-ჰიუნდაი” და “ოლიმპი” დაამარცხეს.

დღევანდელი 2 მატჩიდან ერთი შედარებით დაძაბული გამოდგა, მეორეში კი ბრძოლა არ შედგა. “მგზავრებმა” საბოლოოდა დამაჯერებლად, თუმცა ბრძოლაში დაამარცხა “თსუ-ჰიუნდაი”, ხოლო “ტიტებმა” “ოლიმპს” ისე მოუგო, მინიმალური შანსიც არ მიუცია.

თანაბრად დაწყებული “თსუ-ჰიუნდაი” – “მგზავრების” მატჩის მეორე მეოთხედში ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა – 49:36. “მგზავრებმა” ეს ლიდერობა ვერ შეინარჩუნა და დიდ შესვენებამდე დარჩენილი წუთნახევარი 0:8 წააგო. “თსუ-ჰიუნდაიმ” წარმატებული თამაში მესამე პერიოდიდანაც განაგრძო და 57:53 დაწინაურდა. “მგზავრებს” ხელახლა მოუხდა თამაშის დალაგება და კარგი დაცვის ხარჯზე ჯერ ჩამორჩენა შეამცირა, ბოლო ათწუთულის წინ კი 2 ქულით – 66″64 დაწინაურდა.

გადამწყვეტ პერიოდში “მგზავრებმა” მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, ადრიან ბოუის ლიდერობით გასამარჯვებლად საკმარისი ლიდერობა მოიპოვეს და დასახულ მიზნამდეც იოლად მივიდნენ – 94:82. გამარჯვებულთაგან გამოსარჩევია ადრიან ბოუი, რომელიც ზედიზედ მეორე მატჩია, სამმაგ დუბლს ასრულებს – 22 ქულა, 12 მოხსნა, 12 პასი. 25 ქულა მოაგროვა ჯეიკობ არმსტრონგმა, ხოლო 18 ქულა პრინს უილიამსის ანგარიშზე დაგროვდა. “თსუ-ჰიუნდაიში” 22 ქულით საუკეთესო იყო რატკო პეტრიჩი, ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე კი 12 ქულა და 9 მოხნა დაგროვდა.

თსუ-ჰიუნდაი – მგზავრები
სტატისტიკა: 82:94

მეორე მეოთხედფინალურ მატჩში “ტიტებმა” “ოლიმპს” პირველი პერიოდი 32:14 მოუგო, ხოლო ამ სოლიდურ უპირატესობას დიდი შესვენებისთვის კიდევ 4 ქულა წაამატა. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი გუნდი ამ ლიდერობას არ დასჯერდა და მესამე პერიოდში მეტოქე 38 ქულით ჩამოიტოვა. “ტიტების” მოთამაშეებს ყველაფერი გამოსდიოდათ – ილია ლონდარიძე და გიორგი შარაბიძე ფარქვეშიდან, ლიუკ მეიერი, კაჰიმ რენსომი, ბესო ლეჟავა და ჟოელ ალმეიდა – პერიმეტრიდან “ოლიმპის” კალათს წარმატებით ლაშქრავდნენ. მიზანი უჭრიდათ შეცვლაზე შემოსულ მოთამაშეებსაც – გუჯა ბირკაიას, თემურ ბაბუნაშვილს და სხვებს, რამაც ის გამოიწვია, რომ “ტიტების” უპირატესობამ ბოლო პერიოდში 40 ქულას გადააჭარბა.

საბოლოოდ “ტიტებმა” 33 ქულით – 106:73 გაიმარჯვა და თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. გამყრელიძის გაწვრთნილ გუნდს 16 ქულით ლიუკ მეიერმა ულიდერა. 14 ქულა მეიერმა, 13 – ალმეიდამ, 12 – ლონდარიძემ. “ოლიმპში” 18 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო მარკ ოგდენი.

ოლიმპი – ტიტები
სტატისტიკა: 73:106

თასის ნახევარფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: “ქუთსისი” – “ტიტები”, “მგზავრები” – “დელტა”. სერიის პირველი მატჩები 16, ხოლო მეორე – 24 აპრილს გაიმართება.

www.gbf.ge

0.140407