ძიუდო

20:37 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძიუდოისტთა გუნდური პირველი ადგილი ანტალიაში

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა თურქული ანტალიაში დასრულებულ გრან პრიზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რისი წყალობითაც ჩვენებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ შეჯიბრის პირველ დღეს ბრინჯაო ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ.) დაისაკუთრა, გუშინ კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლუკა მაისურაძე (81 კგ.) ავიდა. დღეს, ქართველი ძიუდოისტებისთვის ყველაზე ბარაქინია დღე იყო: ვერცხლის მედლები გიორგი პაპუნაშვილმა (90 კგ.) და ლევან მატიაშვილმა (+100 კგ.) მოიპოვეს, ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90 კგ.) კი ბრინჯაო დაისაკუთრა.
პაპუნაშვილმა ფინალი თურქეთის სახელით მოასპარეზე ექს-სლოვენიელ მიკაილ ოზერლერთან (ყოფილი მიჰაელ ზგანკი) წააგო, მანამდე კი, ყირგიზ ფარუხ ბულეკულოვს, რუს ხუსენ ხალმურზაევს, სერბ ალეკსანდარ კუკოლსა და ებრაელ იტაი გოლანს აჯობა.
ჭრიკიშვილმა იმავე ოზერლერთან ნახევარფინალში ჰანსუკო-მაკე დაიმსახურა, არადა, მანამდე კანადელ მაქსიმ კოტეს, ყირგიზ ერლან შეროვსა და ტაჯიკ კომრონშოხ უსტოპირიონს სძლია, რეპეშაჟში კი ხსენებული კუკოლი ვაზარიზე 2-ჯერ დასცა.
მძიმე წონაში მატიაშვილმა გზიდან საუდის არაბეთის წარმომადგენელი რაკან ზაიდანი, უკრაინელი იაკივ ხამო, ბრაზილიელი დავიდ მოურა და აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური ჩამოიცილა, ფინალში კი, დამატებით დროში, ჰოლანდიელ როი მეიერთან ვაზარიზე დავარდა.
ამავე წონაში გიორგი ქავთარაძე პირველივე წრეში რუს ინალ ტასოევთან დამარცხდა, 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში კი, ზაურ კენჭაძე მომავალ ჩემპიონ ალექსანდე იდირს (საფრანგეთი) ვერ გაუმკლავდა.
დღესვე ტატამზე საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი სოფიო სომხიშვილიც (+78 კგ.) გავიდა, თუმცა, საწყის რაუნდში ესპანელ სარა ალვარეზთან ორთაბრძოლისას მოხსნეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124893