გაირკვა “ა” ლიგის პირველი ფინალისტი. მილოშ პეიჩის გაწვრთნილმა “ვერამ” ნახევარფინალური სერიის მე-3, გადამწყვეტ მატჩში 92:68 დაამარცხა ვილე მანდიჩის “მეგა ბასკეტი” და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ვერელებმა ბოლო წამზე, 62:63 წააგეს წინა შეხვედრა და ფინალში გასვლა გადაედოთ, თუმცა დღევანდელ მატჩში იგივე შეცდომა აღარ დაუშშვეს და იმდენად კარგად ითამაშეს, “მეგა ბასკეტს” წარმატების მცირედი შანსიც არ მისცემია.
“ვერამ” პირველ პერიოდში უკვე იმხელა უპირატესობა მოიპოვა, რომ ცხადი გახდა, “მეგა ბასკეტს” შეხვედრის მოგება გაუჭირდებოდა. პეიჩის გუნდი ჯერ 18:5, შემდეგ კი 42:21 გალიდერდა. დაახლოებით 20-ქულიანი სხვაობა იყო თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში. “ვერას” მოედნის არც ერთ მონაკვეთში არ უჭირდა. ბრაისონ სკოტი სწრაფი შეტევებით შეუჩერებელი იყო, თუმცა მეტოქის კალათს არც პერიმეტრიდან აკლებდა ხელს და სამქულიანებსაც ითვლიდა. მეტად სასარგებლოდ ირჯებოდა გივი ბაქრაძე, რომელმაც ვერელთა დაწინაურებაში უდიდესი როლი შეასრულა. “ვერამ” ძირითადად დაბალანსებული შემადგენლობით იმარჯვა, პეიჩის გუნდს ყველა პოზიციაზე კონკურენტუნარიანი მოთამაშე ჰყავს და ფინალის საგზურიც ღირსეულად მოიპოვა.
საბოლოოდ შეხვედრა ვერელთა 24-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. გამარჯვებულებს 24 ქულით და 8 მოხსნით ბრაისონ სკოტმა ულიდერა. 20 ქულა მიითვალა გივი ბაქრაძემ, ხოლო ბრენდონ სლაის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა. “მეგა ბასკეტში” 21 ქულით დარკო კოჰადარევიჩი გამოირჩა. 13 ქულა მიკა სიბორნმა, 11 კი წინა მატჩის გმირმა, კორი სანდერსმა მიითვალა.
ფინალური სერია 12 აპრილს დაიწყება. “ვერას” მეტოქე “კავკასიასა” და “არენა-ორბს” შორის გამარჯვებული იქნება. ამ გუნდებს შორის ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი დღეს, 18:00 საათიდან დაიწყება.
ფინალური სერია 3 მოგებამდეა და გამარჯვებული სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს. ფინალში წაგებულ გუნდს უმაღლესში გადასვლის დამატებითი შანსი სუპერლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილზე გასულ გუნდთან საკვალიფიკაციო სერიაში ელის.
ვერა – მეგა ბასკეტსტატისტიკა: 92:68 www.gbf.ge