მიუნხენის „ბაიერნმა“ „ვერცხლის სინისკენ“ უდიდესი და თანაც ძალიან მყარი ნაბიჯი გადადგა. 28-ე ტურში „ალიანც არენაზე“ დერ კლასიკერი“ შედგა, თუმცა ეს არ ყოფილა, ჩვეულებრივი კლასიკა გერმანულ ფეხბურთში - ამ თამაშზე საჩემპიონო ვითარება პირდაპირ იყო დამოკიდებული.
„დორტმუნდი“ მიუნხენს 2-ქულიანი უპირატესობით ესტუმრა და ფრე სრულიად დააკმაყოფილებდა. აი, გამარჯვების შემთხვევაში კი ჩემპიონობას პრაქტიკულად გაინაღდებდა კიდეც, მაგრამ მაგას ვინ ჩივის, ლუსიენ ფავრის გუნდი შერცხვა. „ბაიერნმა“ კი სეზონის მთავარი თამაში ხუთიანზე ჩაატარა. მართლაც, ძველი „რეკორდმაისტერი“ ვიხილეთ - მოტივირებული, მშიერი, კონცენტრირებული და მეტოქის კარზე დაგეშილი. ნიკო კოვაჩის მიუნხენში მოღვაწეობის საუკეთესო 90 წუთიც დღეს ვნახეთ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
„ბაიერნმა“ ყველაფერი პირველი ტაიმში გაარკვია და მეორე 45 წუთი სრულ ფორმალობად აქცია. საბოლოოდ კი, უპრინციპულესი მეტოქე გააცამტვერა (5:0) და გალიდერდა. რა თქმა უნდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება, რადგან წინ 6 ტურია და სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა, მაგრამ საკითხავია, ამ ფსიქოლოგიურ დარტყმას „დორტმუნდი“ როგორ გადაიტანს... ფაქტია, „ბაიერნმა“ ძალიან ხმამაღალი განაცხადი გააკეთა და იმ გუნდსაც არ ჰგავს, ეს განაცხადი უკან რომ წაიღოს.
ტურის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია „ლაიფციგის“ გამარჯვება „ბაი არენაზე“, სადაც 64-ე წუთამდე მარცხდებოდა, მაგრამ მერემეტოქეს სამი გოლი გაუტანა და სამი ქულა მიითვალა. „რედ ბული“ მესამე ადგილზეა და ძნელად წარმოსადგენია ჩემპიონთა ლიგის საგზური ხელიდან გაუშვა.
იქვეა ფრანკფურტის „აინტრახტი“, რომელსაც წყალწაღებული „შალკეს“ ძლევა მისსავე მოედანზე ნამდვილად გაუჭირდა, მაგრამ ლუკა იოვიჩის ბოლო წუთზე გატანილი გოლით მაინც დაამარცხა და ოთხეულში ადგილს ინარჩუნებს.
„შტუტგარტი“ უკვე ძალიან ცუდ დღეშია და ძალიან გაუჭირდება საპლეი-აუტო ზონის დატოვება. „შვაბებმა“ „ნიურნბერგს“ უმასპინძლეს და 3 ქულა დაგეგმეს, მაგრამ ვერ შეასრულეს. მეტიც აგებდნენ და ბოლოსკენ ქულა გადაარჩინეს. ამრიგად, 2007 წლის ჩემპიონი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საშიშორების ზღვარზეა.
„ლევერკუზენი“ – „ლაიფციგი“ 2:4 (2:1)
გოლები: 1:0 ჰავერცი (11, პენ), 1:1 ზაბიცერი (17), 2:1 ჰავერცი (23), 2:2 ვერნერი (64), 2:3 ფორსბერგი (71, პენ), 2:4 კუნია (83)
„შალკე“ – „აინტრახტი“ 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 რებიჩი (13), 1:1 სერდარი (21), 1:2 იოვიჩი (90, პენ)
„ჰერტა“ – „დიუსელდორფი“ 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 რამანი (35), 1:1 გრუიჩი (41), 1:2 რამანი (61)
„შტუტგარტი“ – „ნიურნბერგი“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 პერეირა (42), 1:1 კაბაკი (75)
„ვოლფსბურგი“ – „ჰანოვერი“ 3:1 (1:1)
გოლები: 0:1 ვაიდანდტი (30), 1:1 სტეფენი (31), 2:1 სტეფენი (71), 3:1 რუსილონი (78)
„ბაიერნი“ – „დორტმუნდი“ 5:0 (4:0)
გოლები: 1:0 ჰუმელსი (10), 2:0 ლევანდოვსკი (17), 3:0 ხავი მარტინესი (41), 4:0 გნაბრი (43), 5:0 ლევანდოვსკი (89)