ძიუდო

22:20 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძე ანტალიის გრან პრის ჩემპიონია!

21 წლის ქართველი ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ (81 კგ.) თურქულ ანტალიაში მიმდინარე გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა. ლუკას გარჯა მით უფრო დასაფასებელია, რომ მან საჩემპიონო გზაზე არაერთ სახელოვან მეტოქეს აჯობა.

მაისურაძემ ტურნირის საწყის რაუნდში ჰოლანდიელი ჯიმ ჰეიმანს იპონზე დაგდებას მხოლოდ 31 წამი მოანდომა, შემდეგ კი, დამატებით დროში, ვაზარით ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი მატიას კასე (ბელგია) დაამარცხა.
მაისურაძემ მერფვედფინალში უკრაინელ ბოჰდან ზუსკოს იპონით სძლია, მეოთხედფინალში ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორსა და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელ ანტუან ვალუა-ფორტიეს (კანადა) ასევე იპონით აჯობა, ნახევარფინალში კი ოლიმპიურსა და ევროპის ჩემპიონს და მსოფლიო პირველობის ბრინჯაოს მედალოსან ხასან ხალმურზაევს ვაზარით მოუგო.
ლუკა ძალიან აქტიური იყო ფინალშიც, სადაც დამაჯერებლად აჯობა იტალიელ კრისტიან პარლატის. ქართველმა ძიუდოისტმა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი იპონზე დასცა.
ამავე წონაში ვლადიმერ ახალკაცმა პირველივე რაუნდში გერმანელ ტიმო კაველიუსთან ვაზარი ვერ შეინარჩუნა და იპონზე დავარდა.
73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა შავდათუაშვილმა მონღოლ ჩოიჯილსურენ განბოლდს “გოლდენ სქორში” ვაზარით მოუგო, შემდეგ კი, თურქ მურატ ბეკტაშთან ჰანსუკო-მაკეთი მოხსნეს. ლაშა გიუნაშვილმა ასევე დამატებით დროში განელი ემანუელ ნარტეი ვაზარით დაამარცხა, რასაც ფრანგ ბენჟამინ აქსუსთან იპონით წაგება მოჰყვა.
დღესვე ტატამზე საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი მარიამ ჭანტურიაც (70 კგ.) ვიხილეთ, რომელმაც ამერიკელ ჩანტალ რაიტს 3 შიდო აჰკიდა, სლოვენიელ ანკა პოგაჩნიკთან კი ვაზარით დამარცხდა.
ანტალიის გრან პრი ხვალ დასრულდება, საქმეში კი კიდევ 6 ქართველი ძიუდოისტი ჩაებმება: ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე – 90 კგ.), ზაურ კენჭაძე (100 კგ.), გიორგი ქავთარაძე, ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 ჯგ.).

Loading...
0.110634