კალათბურთი

10:25 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

100%-იანი ფაჩულია და "დეტროიტის" ზედიზედ მესამე წაგება

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ცუდად მისდის საქმეები ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსს“, რომელმაც მიჯრით მესამე თამაში წააგო. ამჯერად, ოკლაჰომაში, ადგილობრივ „სიტი თანდერთან“ 110:123.

მატჩი მეტად დაძაბული სცენარით მიმდინარეობდა და სამი პერიოდის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა ოდენ ერთ ქულას შეადგენდა. თუმცა, დასკვნითი მეოთხედი „დეტროიტმა“ ჩააგდო, 14:26 წააგო და შესაბამისად, შეხვედრაც დათმო.

„პისტონსის“ ქართველი ცენტრი პარკეტზე 17:14 წუთის განმავლობაში ვიხილეთ. ხსენებულ დროში ზაზამ 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ფაჩულიამ შეტევაში 100%-იანი სიზუსტით ითამაშა, 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო და 1-დან 1 ორქულიანი. ფაჩულიასა და რასელ ვესტბრუკის დაპირისპირებას კი ინციდენტის გარეშე ამჯერადაც არ ჩაუვლია. მეორე პერიოდში, როდესაც ჩვენებური ფართან ეულად დარჩა და თითქოს დანქიც უნდა მიეთვალა, რასელმა სახეში ხელი ჩაარტყა და ზაზა მოედანზე დაეცა. მოგეხსენებათ, ზაზასა და რასელს შრის ორჯერ, 2017 და 2018 წლებში სკანდალურ ინციდენტებსაც ჰქონდ აადგილი. მოკლედ, შესაძლოა, ვესტბრუკმა შურისძიებაც გადაწყვიტა...

„დეტროიტის“ რიგებში საუკეთესო ბლეიქ გრიფინი იყო 45 ქულით, 7 მოხსნითა და 3 პასით, ხოლო „ოკლაჰომას“ პოლ ჯორჯმა ულიდერა, რომელმაც 30 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი შესძინა საკუთარ გუნდს. სტივენ ადამსმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 14 ქულა, 14 მოხსნა, ხოლო რასელ ვესტბრუკს ძალიან ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე - 19 ქულა, 15 პასი და 8 მოხსნა.

„დეტროიტმა“ მიჯრით მესამე თამაში წააგო, თუმცა აღმოსავლეთ კონფერენციის საპლეი-ოფო ზონაში ადგილს მაინც ინარჩუნებს, რადგან 39 მოგებითა და 40 წაგებით მეშვიდე პოზიციაზეა. „პისტონსი“ მომდევნო მატჩს 9 აპრილს სახლში, „შარლოტ ჰორნეტსთან“ გამართავს.

0.117722