ფეხბურთი

22:12 | 3.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"თქვენ ირჩევთ" - მარტის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

“თქვენ ირჩევთ” – WORLDSPORT.GE-ს ტრადიციული, ყოველთვიური გამოკითხვა გრძელდება. შეგახსენებთ, ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გამოკითხვას 2016 წლის სექტემბრიდან მოყოლებული გთავაზობთ.

სანამ ნომინანტებზე ვიტყოდეთ, წესებს შეგახსენებთ, რომელიც უცვლელია: ჩვენი მკითხველი თვის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევს. გამოკითხვა, როგორც აქამდე, ჩვენს ვებგვერდზე მომდევნო სამი დღის განმავლობაში განთავსდება და ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, ერთ სასურველ კანდიდატზე.

ოთხი გამოკითხვის გამარჯვებული მიჯრით გახდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც სამჯერ დიდი უპირატესობით მოიგო. გიორგი ამჯერად ნომინანტთა შორის არ იმყოფება, რადგან გასული თვე მისთვის წარუმატებელი გამოდგა და ტრავმის გამო არ უთამაშია. თებერვალში კი ჩვენმა მკითხველმა გიორგი ლორია გამოარჩია. სანამ ნომინანტებზე გადავიდოდეთ, მანამდე შეგახსენებთ, "თქვენ ირჩევთ" ყველა გამარჯვებულს:

ჯანო ანანიძე (სექტემბერი 2016 წელი), ვაკო გვილია (ოქტომბერი), თორნიკე ოქრიაშვილი (ნოემბერი), ლევან მჭედლიძე (დეკემბერი), ლევან მჭედლიძე (იანვარი 2017 წელი), გიორგი მაკარიძე (თებერვალი), ჯანო ანანიძე (მარტი), გურამ კაშია (აპრილი), გრიგოლ დოლიძე (მაისი), სოლომონ კვირკველია (სექტემბერი), სოლომონ კვირკველია (ოქტომბერი), როინ კვასხვაძე (ნოემბერი), სოლომონ კვირკველია (დეკემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (თებერვალი, 2018 წელი), ვაკო ყაზაიშვილი (მარტი), საბა ლობჟანიძე (აპრილი), გიორგი პაპუნაშვილი (მაისი), ვაკო ყაზაიშვილი (აგვისტო), გიორგი ჩაკვეტაძე (სექტემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (ოქტომბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (ნოემბერი), გიორგი ჩაკვეტაძე (დეკემბერი) და გიორგი ლორია (თებერვალი, 2019 წელი).

ახლა კი, მარტის თვის ნომინანტებზე გადავიდეთ. ხუთი ფეხბურთელი გამოვარჩიეთ და აქედან მხოლდო ერთია ლეგიონერი. დიახ, სამწუხაროდ, გასულ თვეში ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც სამშობლოს მიღმა თამაშობენ, თავი დიდად არ გამოუჩენიათ და რაც ყველაზე სამწუხაროა, მარტში ეროვნულ ნაკრებშიც 2 უფერული მატჩი ჩაატარეს. შედეგად, ერთი ლეგიონერი და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 4 წარმომადგენელი გამოვყავით ახლა და არჩევანი თქვენზეა. მაშ ასე, მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელს „თქვენ ირჩვეთ“...

ლევან კუტალია („დინამო თბილისი“) – 29 წლის ფორვარდისთვის მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მარტში კუტალია მოედანზე 4-ჯერ გავიდა და 4 გოლი გაიტანა. ჯერ თბილისის „ლოკომოტივთან“ შეასრულა დუბლი, მერე მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოსთან“. შედეგად, 5 ტურის შემდეგ ბომბარდითა დავასაც ლიდერობს.

მიხეილ ალავიძე („დინამო ბათუმი“) - ბათუმის „დინამომ“ მარტში 5 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ სამი გოლი გაუშვა. ეს სეზონის საწყის ორ ტურში. მერე კი, მიხეილ ალავიძის დამსახურებით მიჯრით სამი თამაში საკუთარი კარი მშრალად შეინახა და 9 ქულაც მოიპოვა. 31 წლის მეკარეს აჭარელთა ამ წარმატებაში დიდი წვლილი აქვს, „დილასთან“ და „ვიტ ჯორჯიასთან“ არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი. თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც „დინამო თბილისთან“ ჩატარებული მატჩი იყო.

ლევან შენგელია („დინამო თბილისი“) - მარტის თვეში „დინამოს“ ლევან შენგელიამ ულიდერა. 23 წლის ფეხბურთელი ჩინებულ ფორმაშია და გასულ თვეში 5 მატჩში 3 გოლი გაიტანა. დუბლი „ლოკომოტივთან“, იქამდე კი „ჩიხურაც“ დაამწუხრა. გარდა ამისა, სამჯერ თანაგუნდელებს გაატანინა და საგოლე პასებში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ამ ეტაპზე ლიდერია.

ვატო არველაძე („კორონა“, პოლონეთი) - ვატო არველაძისთვის მარტი ძალზე წარმატებული გამოდგა. 5 თამაში და 3 გოლი. 21 წლის ფორვარდმა პოლონეთის ექსტრაკლასაში 4 თამაში ჩაატარა და მეტოქეები სამჯერ დაამწუხრა. ჯერ „სლასკთან“ დუბლი გაიფორმა, მერე კი „იაგელონიას“ ფანტასტიკური გოლიც გაუტანა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებში მისი დებიუტიც შედგა. ეს ირლანდიაში მოხდა.

ლაშა შინდაგორიძე („საბურთალო“) - საქართველოს მოქმედი ჩემპიონის „საბურთალოს“ წარმატებული თამაში მარტში დიდად იყო დამოკიდებული ლშა შინდაგორიძეზე. 26 წლის ნახევარმცველმა გასულ თვეში 5-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. ჯერ „ლოკომოტივთან“ დუბლი გაიფორმა, ხოლო მერე „ტორპედოსაც“ გაუტანა. გარდა ამისა, „საბურთალოს“ უდაო ლიდერი იყო განვლილი 5 ტურის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130702