ფეხბურთი

13:57 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" - ახალი სასწავლო კურსი ოფიციალურად გაიხსნა

"სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" - სასწავლო კურსის გახსნის ოფიციალური ცერემონია 2 აპრილს ფაბრიკაში გაიმართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორმა - მაკა იოსელიანმა კურსის მონაწილეებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სტარტი უსურვეს.

ლევან კობიაშვილმა პროგრამის მნიშვნელობასა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს ჩართულობისთვისა და მხარდაჭერისთვის.

„დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. განათლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის ერთერთი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ ეს საკითხი "მომავალის 11"-ში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. მოხარული ვარ, რომ გვყავს ძალიან კვალიფიციური პარტნიორი ჯიპას სახით, რომელთან თანამშრომლობაც კურსის უმაღლეს ხარისხს განსაზღვრავს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ, რადგან საჭიროდ ჩათვალეს და საფეხბურთო განათლება პრიორიტეტად აქციეს. ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს პატივი, მოგილოცოთ სასწავლო პროცესის დაწყება, რადგან თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც უკვე გახდით რჩეულები და დიდი კონკურენციის შედეგად ამ კურსის მონაწილეები ხართ.“- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

„გილოცავთ ამ საინტერესო პროექტის, მესამე გამოშვების დაწყებას. უპირველესად, მსურს, ვისაუბრო ფეხბურთის ფედერაციის გუნდზე, ლევანის ხელმძღვანელობით. ჩვენს რეალობაში იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ასეთი პროგრესული, ასეთი ზუსტი და დროული მიდგომა აქვს ინსტიტუციას სფეროს განვითარების მიმართ. ინსტიტუცია ხედავს და გრძნობს დღევანდელ მოთხოვნებს და იმას, თუ როგორი მნიშვნელოვანია განათლება ზოგადად ნებისმიერი სფეროს განვითარებისთვის. ფეხბურთის ფედერაცია, მიუხედავად საკუთარი დიდი გამოცდილებისა, არ ჩაიკეტა საკუთარ თავში და მიხვდა, რომ ასეთ პროექტებს სჭირდება კოლაბორაცია. ის, რომ ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის როგორც რაციონალურად, ისე ემოციურად ამაზე ყველანი ვთანხმდებით.“ - აღნიშნა ჯიპას რექტორმა, მაკა იოსელიანმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი საფეხბურთო მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია უკვე მესამე წელია ახორციელებს. პროგრამა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ტარდება.

პროგრამის მთავარი მიზანი ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლების მენეჯმენტის უნარებში გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. თითოეული სასერტიფიკატო პროგრამის ხანგრძლივობაა 4 თვე და განკუთვნილია ფეხბურთის კლუბების, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისა და სპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის.

პროგრამის ფარგლებში კურსის მსმენელები მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებს გაეცნობიან, ასევე შეისწავლიან სტრატეგიული და ოპერაციული მართვის, დაგეგმვის, სტადიონების მოწყობისა და ღონისძიებების ორგანიზების, მარკეტინგის, სპონსორობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ფეხბურთის სერტიფიცირებული მენეჯერის სერტიფიკატი გადაეცემათ, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მონაწილეები პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.

www.gff.ge

0.123798