ფეხბურთი

2:39 | 1.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში ოთხეულისთვის ბრძოლა გამძაფრდა

იტალიის სერია A-ს XXIX ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ძალიან გამძაფრდა. მე-3-დან მე-9 ადგილამდე სხვობა მხოლოდ 8 ქულაა და ბუნებრივია შვიდივე გუნდს ოთხეულში შესვლის აქვს მეტ-ნაკლები პრეტენზია.

ტურის ცენტრალური მატჩი რომში გაიმართა, სადაც კლაუდიო რანიერის „რომამ“ კარლო ანჩელოტის „ნაპოლის“ უმასპინძლა და მორიგი უსახური თამაში ჩაატარა. ნეაპოელელებმა შესუსტებული შემადგენლობით „მგლები“ არ დაინდეს და 4:1 გაანადგურეს. სტუმრები უკვე მეორე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც არკადიუშ მილიკმა საჯარიმოში დიდებულად ითამაშა და რობინ ოლსენს შანსი არ დაუტოვა. „რომამ“ პირველი ტაიმის ბოლოს დიეგო პეროტის პენალტით გაათანაბრა და მეორე ნახევარში თამაშის შემოტრიალების იმედი ჩაისახა, მაგრამ დედაქალაქელთათვის მეორე ტაიმი კარგს არაფერს მოასწავებდა. დრის მერტენსმა, სიმონე ვერდიმ და ამინ იუნესმა ნეაპოლელებს მორიგი გამარჯვება მოუტანეს. ანჩელოტის შეგირდები „იუვენტუსს“ ისევ 15 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ მეორე ადგილი პრაქტიკულად განაღდებული აქვს. „რომას“ საქმეები კი ტურიდან ტურამდე უარესობისკენ მიდის და ამასობაში, პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ ხმას აუმაღლა და შეგირდები საჯაროდ გაკიცხა. ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა კლაუდიო რანიერის მალე უქმად დარჩენა მოუწევს. არადა, „მილანის“ წაფორხილებით „რომას“ შეეძლო ესარგებლა, მაგრამ ქულათა სხვაობა ვერ შეამცირა, მეტიც, მოსისხლე მტერ „ლაციოსა“ და „ატალანტასაც“ ჩამორჩა.

„ლაციომ“ ტურის დასკვნით მატჩში მილანში, „ინტერი“ დაამარცხა. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა მატჩის დასწყისშვიე გაიტანა და ეს ერთადერთი გოლი გამოდგა. „ინტერმა“ წინა ტურში დერბი მოიგო და თითქოს პრობლემები უკან მოიტოვა, მაგრამ ეს მოჩვენებითი გამოდგა. „ნერაძური“ ისევ მესამე ადგილზეა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა გარანტირებული სულაც არ აქვს. „ლაციო“ კი „როსონერის“ მიუახლოვდა და თუ გამოტოვებ მატჩსაც მოიგებს, ქულებით საერთოდაც გაუთანაბრდება. მოკლედ, სიმონე ინძაგის გუნდს ჩინებული შანსი აქვს სეზონი ფინიშს მაღალ დონეზე თუ ჩაატარებს.

ამასობაში ოთხეულისკენ სწრაფად მიიწევს ბერგამოს „ატალანტა“. ჯამპიერო გასპერინის გუნდმა „ენიო ტარდინიზე“ „პარმას“ დუვან ძაპატას დუბლით აჯობა და მხოლოდ სამი ქულაა ჩამორჩენა მეოთხეადგილოსან „მილანთან“.

ფლორენციაში, „ფიორენტინამ“ „ტორინოს“ უმასპინძლა და ვერ დაამარცხა. ტურინელები მიმდინარე სეზონში ძალზე იშვიათად აგებენ და ამჯერადაც არ დატოვეს მოედანი უქულოდ. „ხარებს“ მშველელად სალვატორე სირიგუ მოევლინათ, რომელმაც არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი მარცხისგან.

ძალიან დიდი ხნის პაუზის შემდეგ „ბოლონიამ“ გასავარდნი ზონა დატოვა. „როსობლუ“ ერთი გუნდი იყო სინიშა მიხაილოვიჩამდე და მეორეა მასთან ერთად. სერბმა გუნდს ახალი სისხლი გადაუსხა და ქულების დაგროვება დაიწყო. „რეანტო დალ არაზე“ „ბოლონიამ“ „სასუოლო“ მსაჯის მეუთე დამატებულ წუთზე მატია დესტროს გოლით დაამარცხა, 27 ქულა დააგროვა და „ემპოლის“ გადაასწრო. „სპალმა“ კი, ოქროს სამი ქულა მოიპოვა მას შემდეგ, რაც „ფროზინონე“, რომელიც გასავარდნადაა განწირული, დაამარცხა.

„პარმა“ – „ატალანტა“ 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 ჟერვინიო (8), 1:1 პაშალიჩი (24), 1:2 ძაპატა (75), 1:3 ძაპატა (90)

„ფიორენტინა“ – „ტორინო“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 სიმეონე (7), 1:1 ბაზელი (34)

„რომა“ – „ნაპოლი“ 1:4 (1:1)

გოლები: 0:1 მილიკი (2), 1:1 პეროტი (45, პენ), 1:2 მერტენსი (50), 1:3 ვერდი (54), 1:4 იუნესი (81)

„ფროზინონე“ – „სპალი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ვიკარი (13)

„ბოლონია“ – „სასუოლო“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 პულგარი (68, პენ), 1:1 ბოგა (90), 2:1 დესტრო (90)

„ინტერი“ – „ლაციო“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (13)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.338928