ფეხბურთი

0:34 | 1.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „დღეს ცოტა ულამაზოდ მოვიგეთ, მაგრამ ვის აღელვებს ეს?“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრემიერლიგის 32-ე ტურში „ტოტენჰემთან“ გამარჯვების შემდეგ (2:1), ჟურნალისტებს უთხრა, რომ მის გუნდს ლამაზად არ უთამაშია, მაგრამ მთავარია მოგება.

„გამარჯვების გოლის შემდეგ, წყნარად ვიყავი. იმიტომ, რომ ძალიან მოულოდნელი იყო. მხოლოდ სალაჰის დარტყმა დავინახე, მეტი არაფერი. წარმოდგენა არ მაქვს, ბურთი როგორ გავიდა (შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ „ტოტენჰემის“ მატჩის ბოლო წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, მოჰამედ სალაჰმა ახლოდან დაურტყა მეკარე უგო ლორისს, ფრანგმა მოიგერია, მაგრამ ბურთი სტუმართა მცველ ტობი ალდერვეირელდს მოხვდა და კარში შევარდა).

პირველ ტაიმში ხომ დიდი უპირატესობა გვქონდა. მეორე ნახევარში დავმძიმდით. მეტოქემ რითმი შეცვალა და ვერ ავყევით. თუმცა, გაშვებული გოლის შემდეგ ისევ ავთამაშდით და გავიმარჯვეთ.

ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბ „მანჩესტერ სიტის“ ვუწევთ კონკურენციას. ხოლო დღეს ერთ-ერთ საუკეთესოს - „ტოტენჰემს“ ვეთამაშებოდით.

მოგების ხუთასი მეთოდი არსებობს. დღეს ცოტა ულამაზოდ გავიმარჯვეთ, მაგრამ ვის აღელვებს ეს?“ - უთხრა კლოპმა ВВС-ის.

0.118991