ფეხბურთი

19:40 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არ ვარ რონალდუ ან მესი, მაგრამ ერთ დღეს ვიქნები" - იტალიური ფეხბურთის ახალი იმედი

მოიზე კინი - ალბათ ამ სახელი და გვარის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ბევრი არაფერი იყო ცნობილი. „იუვენტუსის“ 19 წლის ფორვარდი ბოლო დროს შესაშურად კარგად ირჯება და არამარტო იტალიაში, მსოფლიოს ყურადღებაც მიიპყრო.

მოიზემ იტალიის სერია A-ში სადებიუტო გოლი ჯერ კიდევ 2 წლის წინ, 2017 წლის მაისში გაიტანა („ბოლონია“ – „იუვენტუსი“), იქამდე, 2016 წლის დეკემბერში ჩემპიონთა ლიგაზეც ჰქონდა დებიუტი („სევილია“ – „იუვენტუსი“), თუმცა, ისეთი სტაბილური არასდროს ყოფილა, როგორც ახლა.

გასული სეზონი მოიზემ იჯარით „ჰელას ვერონაში“ გაატარა და იტალიის ელიტარულ ლიგაში 4 გოლიც მიითვალა. წელს კი, „იუვენტუსს“ დაუბრუნდა და დიდი კონკურენციის გამო იშვიათად თამაშობდა. იანვარში საერთოდაც გუნდის დატოვებას აპირებდა. როგორც ლეონარდო ბონუჩიმ თქვა, მან და ჯორჯო კიელინიმ გადააფიქრებინეს:

„მოიზეს მე და ჯორჯო ვესაუბრეთ და გადაწყვეტილება შეცვალა. მისთვის უმჯობესია რონალდუსთან ერთად ვარჯიში, რადგან ბევრ რამეს ისწავლის“, - განაცხადა ბონუჩიმ.

გამოცდილების რჩევამ გაამართლა და არცთუ დიდი ხნის წინ ყველაფერი შეიცვალა.

8 მარტს, „უდინეზეს“ წინააღმდეგ მოიზე ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და დიდებულად ითამაშა. დუბლი შეასრულა და ორ ერთმანეთზე გატანილი უკეთესი გოლის გარდა, პენალტიც გამოიმუშავა. მერე, მასიმილიანო ალეგრიმ „ატლეტიკოსთან“ ძალზე მნიშვნელოვან მომენტში ჩართო თამაშში და იქაც შეეძლო კინს გმირი გამხდარიყო, 2:0-ზე რეალური საგოლე შანსი ჰქონდა.

ამას მოჰყვა სანაკრებო პაუზა და მოიზეს იტალიის ეროვნულ ნაკრებში უხმეს. საერთოდ, კინს „სკუადრა აძურაში“ დებიუტი 2018 წლის ნოემბერში ჰქონდა, მაგრამ ამჯერად ოფიციალური მატჩებისთვის გამოიძახეს. კინმა შანსი დიდებულად გამოიყენა. ჯერ ფინეთი დაამწუხრა, მერე - ლიხტანშტაინი. კინი გახდა იტალიის ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელიც 2000 წელს ან შემდეგაა დაბადებული და გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, მასიმილიანო ალეგრის არ მოსწონს, რომ მოიზე კინის შესახებ მედია საუბრობს და ფიქრობს, რომ აჭარბებენ:

„მოიზეს ამბიცია აქვს და ეს ნორმალურია. უბრალოდ მინდა, სიმშვიდე შეინარჩუნოს და მუშაობა გააგრძელოს. მან ფინეთს და ლიხტანშტაინს გაუტანა და ყველა მესის, რონალდუს ადარებს. ეს არ შეიძლება. კინმა განვითარება უნდა გააგრძელოს და ამისთვის საჭიროა, რომ მასზე საუბარი შევწყვიტოთ“, - თქვა ალეგრიმ.

იტალიის ნაკრებიდან დაბრუნებულმა კინმა კი კლუბშიც გააგრძელა შედეგიანი თამაში. „იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუს, პაულო დიბალას, ხუან კუადრადოსა და დუგლას კოშტას გარეშე „ემპოლის“ მასპინძლობდა და ვერაფერს უხერხებდა. ალეგრიმ კინი მოედანზე 69-ე წუთზე შეუშვა და ახალგაზრდა შემტევს ზუსტად 2:30 წუთი დასჭირდა მატჩის გმირი გამხდარიყო - მარიო მანჯუკიჩის შესანიშნავი პასის მერე ერთი შეხებით დიდებულად დაარტყა.

შედეგად, კინს სერია A-ში 8 გოლი დაუგროვდა (მიმდინარე სეზონში 3) და იტალიის ელიტარული ლიგის ისტორიაში რიგით მეორე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მეტოქეთა კარი რვაჯერ დალაშქრა - 19 წლისა და 31 დღე. ამ კუთხით რეკორდის ავტორი მარიო ბალოტელია, რომელსაც სერია A-ში 8 გოლი 18 წლისა და 242 დღის ასაკში ჰქონდა გატანილი.

„ძალიან ბედნიერი ვარ კიდევ ერთი რეკორდით დამზად ვარ სხვა რეკორდებიც დავამყარო. მუშაობა ერთადერთია, რაც მეხმარება მოედანზე მაქსიმუმის ჩვენებაში და ვეცდები ეს ყოველ კვირას დავამტკიცო“, - თქვა მოიზემ „ემპოლისთან“ მატჩის შემდეგ.

სხვათა შორის, ბალოტელისა და კინს ხშირად ადარებენ და ეს გასაგებიცაა. თუმცა, „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი მიიჩნევს, რომ კინი უფრო ძლიერია. გარდა ამისა, ჩეხისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებაც აქტუალურია:

„ჩვენ რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგით კინის ახალი კონტრაქტის შესახებ და გვინდა ეს ფეხბურთელი შევინარჩუნოთ. ვინაიდან, რასაც ის ამ ასაკში აკეთებს, საოცარია“, - აღნიშნა პაველმა.

აი, ხელშეკრულების განახლება „იუვენტუსისთვის“ მართლაც საფიქრალი უნდა იყოს, რადგან მოიზეს ტურინელებთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. იქამდე კი, თავად კინი იმედოვნებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დონეზე ითამაშებს:

„მე არ ვარ არც კრიშტიანუ და არც მესი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ შრომით ერთ დღეს მოვახერხებ და ვიქნები. კრიშტიანუსგან ვარჯიშებზე ძალიან ბევრს ვსწავლობ“, - ეს კინის სიტყვებია.

მოკლედ, ბოლო ერთი თვე კინის კარიერაში საუკეთესო იყო. მას ხშირად ადარებენ მარიო ბალოტელის, მაგრამ მისი სახით კარგი მაგალითი აქვს, როგორ არ უნდა წარმართოს საფეხბურთო კარიერა და გაფლანგოს ნიჭი, რომელიც მართლაც განუსაზღვრელად გააჩნია...

0.109613