ბლოგი

20:19 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რა მოხდება საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდეს...

ალბათ ყველას ძალიან გვიჭირს იმის წარმოდგენა თუ რა მოხდება საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდეს. ასეთ დროს მხოლოდ ფანტაზიის მოხმობით თუ გავალთ ფონს და ისიც იმ შემთხვევაში, საამისო განწყობა თუ გვექნება. არადა, ეს ის ოცნებაა, რომელსაც ყველა ჩვენებური ქომაგი აგერ უკვე ორ ათწლეულზე მეტია გულით დაატარებს.

საქართველოს ნაკრები მუნდიალზე როდესაც გავა (და იმედი მაქვს, რომ ოდესმე ამის დროც მოვა), იმ ჟამს ყველას დაავიწყდება ჩვენს თავებში უკვე ქვითკირივით ჩაბეჭდილი წინადადებები: “ღირსეული მარცხი“, “მსაჯმა გაგვწირა“, “ტექნიკაში ხომ ჩვენ ვჯობდით“, “უმჯობესია ბავშვთა ფეხბურთს “მივაწვეთ“, “აფსუს, სად არ არიან ყიფიანი და მესხი...“ და მისთანანი.

თუკი ეს სიხარული გვეწვევა, რუსები საზღვრებს კიდევ გადმოწევენ. იმედია სადემარკაციოს საზღვარს იმჟამად უკვე არა (ან ვეღარ), მაგრამ მათი ბოღმა იქნება უსაზღვრო და მოიცავს დედამიწის მეექვსედს ჩრდილო ყინულოვანი ოკეანიდან ურალამდე და კავკასიიდან პადმასკოვიამდე.

ილჰამ ალიევი (იმ დროს სავარაუდოდ ისევ ილჰამი იქნება აზერბაიჯანის პრეზიდენტი) კარგად გადათვლის ფეხბურთში ჩადებულ მილიონებს, (და შესაძლოა მილიარდებსაც) მერე დაიბარებს სპორტის მინისტრს, ჩაურთავს საქართველოს ნაკრების მატჩებს, გადაბმულად მთელს შესარჩევ ციკლს აცქერინებს და ეს იქნება მისი ყველაზე დიდი სასჯელი.

საქართველოს პრეზიდენტი (აზერბაიჯანისგან განსხვავებით ნამდვილად არ ვიცით ვინ იქნება, საქართველოს პრეზიდენტი როდესაც ჩვენი ნაკრები მუნდიალზე გავა) თუშეთიდან ჩამოატანინებს დასაკლავ ცხვარს, გახსნის კახური ღვინით სავსე 20 ლიტრიან ბოცას და წარმატებას ასე აღნიშნავს, რადგან მნიშვნელოვანი და უკიდურესად სასიხარულო ამბის სხვაგვარად აღნიშვნა საქართველოში არც ვიცით და ვერც წარმოგვიდგენია.

იმ დღეს, როდესაც გამარჯვების აღსანიშნავად თბილისის ქუჩებში საყოველთაო ზეიმი და გნიასი იქნება, დიდი სუპერმარკეტების ქსელები ყველა პროდუქტის ფასს დააკლებენ 5 თეთრს, რადგან მათაც ვერ წარმოუდგენიათ ამაზე მეტად როგორ შეიძლება რაიმეს დააკლონ ფასი.

ჩინეთის სახალხო რესუბლიკის წარმომადგენელი რამდენიმე მილიარდ დოლარს შეაძლევს ჩვენს ფეხბურთის ფედერაციას იმაში, რომ ჩინეთს დაუთმონ მუნდიალზე გამსვლელი ადგილი და რის ვაი-ვაგლახით მოხერხდება იმ კაცის დარწმუნება, რომ ყველაფერი ფულზე მართლა არ იყიდება და სხვა რამისათვის ჩაკვეტაძის პასი არსებობს.

გამარჯვების დღეს საქართველოს მაშინდელი მეფე გივი პირველი (სიხარულიძე) შინაურ წრეში აღნიშნავს - დედოფალთან, 12 შვილთან, ნაზირ-ვეზირებთან და ძმაკაცთან - დათო გელას ძე ბენდელიანთან ერთად. მთავარია ახლა არ თქვათ, დათო ბენდელიანი ხომ ფილმის მოგონილი გმირია და ამ ამბებში რა ესაქმებაო. საქართველოს ნაკრების მუნდიალზე გასვლის და გივი სიხარულიძის გამეფების თუ გვჯერა, რა მოხდება დათო ბენდელიანის სუფრაზე ჯდომაც რომ დავიჯეროთ?...

Loading...
0.109316