კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ არგენტინულ Radio Club 947FM-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა.
მესი შეეხო არგენტინის ნაკრებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, გაიხსენა პეპ გვარდიოლას „ბარსელონა“ და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საუბარიც არ დავიწყებია.
„რთულია ჩემ შვილს ავუხსნა და ვუპასუხო, როდესაც მეკითხება, მამა, რატომ უნდათ არგენტინაში შენზე თავდასხმა? მე გამარჯვება მიყვარს, მინდა არგენტინის ნაკრებთან ერთად ტიტული მოვიგო. ყველა მნიშვნელოვან მატჩში ვითამაშე, მივაღწიეთ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე, რაც ადვილი არაა.
არ მინდა ყველა იმ სიცრუეზე საუბარი, რაც ჩემს ირგვლივ ტრიალებს. მე არ ვწყვეტ ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი, ბრაზილიაში ჩემპიონობა რომ მოგვეპოვებინა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა.
გვარდიოლას „ბარსელონაში“ არავინ არაფერს ამბობდა, ყველაზე მოედანზე გადიოდა და ყველამ იცოდა რა უნდა გაეკეთებინათ. ხმას არავინ უწევდა, კონკრეტული გამოსვლებიც არ ხდებოდა. ეს საჭირო არ იყო, ყველაფერზე დრო საუბრობდა. კარგად ვიცი, რომ ჩემთვის მოედანზე გასვლა და ბურთთან კონტაქტი უკეთესია, ასეთ დროს თავს უკეთ ვგრძნობ.
არგენტინის დღევანდელი ნაკრები? გუნდი ეტაპობრივად შენდება. ადვილი არაა ეროვნულ ნაკრებში ჩასვლა ერთი თამაშის ჩატარება ან ჩემპიონატზე ყოველ სამ დღეში თამაში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვენესუელასთან წაგებას არ ველოდით. სკალონის ძლიერი და მყარი გუნდის ჩამოყალიბება უნდა, რომელიც დაცვაში კარგად ითამაშებს და დარწმუნებული იქნება მაშინაც, როდესაც ბურთი მისი კონტროლის ქვეშ არ იქნება.
ნაკრებიდან წასული ფეხბურთელები? ისინი არგენტინის ნაკრებს დიდ პატივს სცემდნენ, მაგრამ ახლა რეალისტები უნდა ვიყოთ და ვიფიქროთ მომავალზე, ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ განვითარდეთ. რამდენიმე ფეხბურთელს გუნდში თამაში მწირი გამოცდილება აქვს, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო. ამ გუნდს დიდი პოტენციალი გააჩნია.
დღეს ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია. ნეიმარი, მბაპე, სუარესი, აზარი, ნებისმიერს შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. მე არ ვახსენე კრიშტიანუ, რადგან მე და ის მსოფლიოში საუკეთესოები უკვე ვართ. ძალიან მომენატრა რონალდუს წინააღმდეგ თამაში, სასიამოვნო იყო ეს მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულიც. კარგი იქნებოდა ისევ ესპანეთში რომ თამაშობდეს. თუმცა, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ „იუვენტუსს“, ძალიან ძლიერი გუნდია კარგი ფეხბურთელებით და კრიშტიანუსთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდა. „ატლეტიკოსთან“ გამარჯვებით კი ჩემპიონთა ლიგაზე დამატებითი უპირატესობა მოიპოვა.
არ ვიცი, რატომ ფიქრობენ, რომ „რივერ პლეიტის“ გულშემატკივარი ვარ. უბრალოდ, ლიბერტადორესის ფინალს დავესწარი, რადგან ესპანეთში იმართებოდა. მე, ჩემი ოჯახი და ჩემი ძმები, ყველანი „ნიუელსის“ ქომაგები ვართ. დაბრუნება? „ნიუელსში“ სიამოვნებით დავბრუნდებოდი, მაგრამ ადვილი არ იქნება არგენტინაში დაბრუნება, რადგან შვილების მომავალზე უნდა ვიფიქრო, ტიაგოზე, რომელიც ნელ-ნელა იზრდება“, - თქვა მესიმ.